ვახტანგ გომელაურის მოსმენა დახურულ ფორმატში გრძელდება

ვახტანგ გომელაურის მოსმენა დახურულ ფორმატში გრძელდება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოსმენა დახურულ ფორმატში გრძელდება. პლენარული სხდომა უმრავლესობის ინიციატივით დაიხურა - სესიის დახურვაზე გადაწყვეტილება 99-ხმით, 16-ის წინააღმდეგ მიიღეს.

გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღოდა ცხარე კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება დეპუტატებს შორის. ოპოზიციის სურვილი იყო, სესია იმ ნაწილში მაინც ყოფილიყო ღია და საჯარო, როცა დეპუტატები გომელაურს კითხვებს დაუსვამდნენ და იქნებოდა საპასუხო პოლიტიკური გამოსვლები მის ანგარიშზე. 

ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ უმცირესობის სურვილი იყო ანგარიშის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და მოსმენის პოლიტიკურ ნაწილში გადაყვანა. სესიაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ თუკი პარლამენტის სხდომა ღია იქნებოდა, გომელაურს სრულფასოვნად პასუხის გაცემის შესაძლებლობა არ ექნებოდა. 

ანალოგიური პოზიციცია დააფიქსირეს მამუკა მდინარაძემ და უმრავლესობის სხვა წევრებმა.