ზაზა ხუციშვილის ადგილზე უზარმაზარი უცოდინრობის გამო, დიდ საყვედურს ვეტყოდი იმ ადამიანს, ვინც დღევანდელი განცხადება დაუწერა

ზაზა ხუციშვილის ადგილზე უზარმაზარი უცოდინრობის გამო, დიდ საყვედურს ვეტყოდი იმ ადამიანს, ვინც დღევანდელი განცხადება დაუწერა

ზაზა ხუციშვილის ადგილზე უზარმაზარი უცოდინრობის გამო, დიდ საყვედურს ვეტყოდი იმ ადამიანს, ვინც ეს განცხადება დაუწერა, - ასე უპასუხა ”ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ზაზა ხუციშვილის კრიტიკას. მისი თქმით, ზაზა ხუციშვილის მიერ მოყვანილი ფაქტები მცდარია. 

”ზაზა ხუციშვილის ადგილზე დიდ საყვედურს ვეტყოდი იმ ადამიანს, ვინც ეს განცხადება დაუწერა უზარმაზარი უცოდინრობის გამო. რუსეთის ბაზები საქართველოდან 2003 წელს არ იყო გასული. ბაზების გასვლის შესახებ შეთანხმება შედგა 2006 წელს და ბაზები გავიდა 2008 წელს. 2003 წელს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აფხაზეთს კი არა ვერც აჭარას და წესიერად ვერც ქუთაისს აკონტროლებდა ისე ბოგინობდნენ „კანონიერი ქურდები“ და ორგანიზებული დანაშაული”, - კანდელაკმა. 

მისივე თქმით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსი გვექნება თუ ეს საკითხი იქნება წარმოდგენილი მსოფლიო პოლიტიკის დონეზე დასავლეთ-რუსეთის ორმხრივ პოლიტიკურ დღის წესრიგში, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ამისთვის არაფერს აკეთებს. 

”ის განცხადებები თუ რეზოლუციები, რაზეც უმრავლესობის წევრები საუბრობენ, კარგია, თუმცა გადაწყვეტილებები ამ დონეზე არ მიიღება. გაზომვა იმისა რამეს აკეთებს თუ არა ჩვენი მთავრობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დევნილთა დაბრუნების საკითხის საკეთილდღეოდ, ძალიან მარტივია. მაგალითად: რამდენიმე დღის წინ მოსკოვში იყო ჩასული აშშ-ს სახელმწიფო მდივანი. მან მათ შორის საჯაროდ ჩამოაყალიბა ის მოთხოვნები რასაც აშშ და ცივილიზებული სამყარო უყენებს რუსეთის ფედერაციას. ამ მოთხოვნებში არაფერი იყო ნათქვამი საქართველოს შესახებ, თუმცა ვრცლად იყო საუბარი უკრაინის შესახებ. ერთი თვის წინ გაიმართა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა. იქაც ჩამოყალიბდა რამდენიმე მოთხოვნა, რასაც ნატო უყენებს რუსეთს, თუმცა იქაც საქართველოზე არაფერი იყო ნათქვამი. შეერთებული შტატებისა და ნატო-ს გენერალური მდივნის შეხვედრაზე ასე არაფერი იყო ნათქვამი, არც აშშ-ს პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრაზე. ეს განცხადებები კარგია, მაგრამ ეს არ არის ის დონე, სადაც საკითხი წყდება. საკითხი წყდება უმაღლეს დონეზე, პრემიერ-მინისტრის დონეზე. ისმის კითხვა - რას აკეთებს პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი? არაფერს, არაფერს, ბატონებო! არაფერს ამბობს და რატომ? რამდენ დედაქალაქში ჩავიდა პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი იმისთვის, რომ მოეხდინა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხის აქტუალიზაცია? - არც ერთში. რამდენ მსოფლიო ლიდერს თუნდაც ტელეფონზე დაურეკა იმისთვის, რომ მოეპყრო მათი ყურადღება? - არც ერთს, - განაცხადა კანდელაკმა. 

„უამრავი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიკარგა სოფლები, მივიღეთ დევნილთა ახალი ნაკადი, თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში რუსული ჯარი დგას და სამხედრო ბაზებია, რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა - ეს არის თქვენი პოლიტიკის შედეგი, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა ხუციშვილმა ოპონენტებს ყოფილი ხელისუფლებიდან, რომლებიც ”ქართულ ოცნებას” რუსეთთან არსებული პოლიტიკის გამო აკრიტიკებენ.

”2003 წლის ნოემბერში, ოკუპანტი რუსეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი რევოლუციურ სამეულს კრწანისის რეზიდენციისკენ გაუძღვა. იგივე ივანოვი შეჰყვა სააკაშვილს აჭარაში, რასაც სააკაშვილისა და პუტინის შეხვედრა მოჰყვა. ”მე მას თვალებში ჩავხედე და ასეთი პრაგმატული ლიდერი, ბევრ დასავლურ ქვეყანას არ ჰყავს”, განაცხადა ამ შეხვედრის შემდეგ სააკაშვილმა. ამ ფონის შემდეგ რა მივიღეთ? მივიღეთ 2008 წლის ომი. დაპირებები, რომ ახალ წელს ხან ცხინვალში და ხან სოხუმში შევხვდებოდით, ზიანის მომტანი ტყუილი აღმოჩნდა. ასევე ტყუილი აღმოჩნდა სააკაშვილის წინასაარჩევნო დაპირება - ”ჩემ შემდგომ პრეზიდენტს გაერთიანებულ საქართველოს დავუტოვებო”. დაიღუპა უამრავი ქართველი ჯარისკაცი, დაიკარგა სოფლები, მივიღეთ დევნილთა ახალი ნაკადი, თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში რუსული ჯარი დგას, ჩამოდგა სამხედრო ბაზები და რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, - ეს არის თქვენი პოლიტიკის შედეგი”, - განაცხადა ხუციშვილმა.