საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს, სუს-ის ანგარიშის მოსმენის გარკვეული ნაწილი ღია დარჩეს

საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს, სუს-ის ანგარიშის მოსმენის გარკვეული ნაწილი ღია დარჩეს

საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს, ღია იყოს სუს-ის ანგარიშის მოსმენის ის ნაწილი, სადაც დეპუტატები დასვამენ კითხვებს და სადაც იქნება პოლიტიკური გამოსვლები. 

ერთგვარი კომპრომისული ვარიანტი ვახტანგ გომელაურის მოსმენის ფორმატთან დაკავშირებით ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასვეს. 

როგორც გიორგი კანდელაკმა აღნიშნა, სუს-ის ანგარიშის საკომიტეტო ფორმატში მოსმენამ, რომელიც მედიისათვის დახურული იყო, დაადასტურა, რომ იქ არაფერი იყო ისეთი, რისი საჯაროდ თქმაც არ შეიძლებოდა. 

ოპოზიციის პასუხად პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ პლენარული სხდომის დახურვა პირადად მისი პრეროგატივა არ არის, სხდომის დახურვის ინიციატივით შეიძლება გამოვიდეს კომიტეტი, რაზეც გადაწყვეტილება კენჭისყრით მიიღება. 

ამ წუთებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური დეპუტატებს სუს-ის მიერ გაწეული საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს აცნობს, რის შემედგაც იგეგმება პლენარული სხდომის დახურვა. 

პარლამენტის რეგლამენტი პლენარული სხდომის დახურვას იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუკი განსახილველი საკითხი საიდუმლოების დაცვას საჭიროებს. 

რეგლამენტის 134-ე მუხლის გათვალისწინებით, ისეთი საკითხების განხილვისას, რომლებიც საიდუმლოების დაცვას საჭიროებს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს, მთავრობის სხვა წევრებს, კომიტეტსა და ფრაქციას შეუძლიათ დასვან პარლამენტის პლენარული სხდომის ან მისი ნაწილის დახურულად გამოცხადების საკითხი. 

გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

საკითხის დახურულ სხდომაზე განხილვისას სხდომათა დარბაზის კარი იკეტება.