როგორ მოახერხეთ, რომ საქართველო თითქოს მსოფლიო რუკაზე აღარ არსებობს

როგორ მოახერხეთ, რომ საქართველო თითქოს მსოფლიო რუკაზე აღარ არსებობს

როგორ მოახერხეთ, რომ დღეს, როცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე საუბრობენ, საქართველო თითქოს მსოფლიო რუკაზე აღარ არსებობს - აღარავინ ახსენებს რუსეთს მის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებს, - ამ განცხადებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ”ქართულ ოცნებას” ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა მიმართა.

სამადაშვილის შეფასებით, ხელისუფლების მიერ განხორციელებული ე.წ. დათბობის და პრაგმატული პოლიტიკის შედეგად, საქართველოს ოკუპაციის პრობლემა საერთაშორისო დღის წესრიგიდან საერთოდ გაქრა. 

”იმის ნაცვლად, რომ ცალსახად და ღიად გმობდეთ რუსეთის პოლიტიკას, გვესაუბრებით იმ საკითხებზე, რომელიც სხვადასხვა ხელისუფლების დროს განხორციელებულ პოლიტიკას უკავშირდება. ისიც არ გესმით, რომ არსებობს რაღაც თემები, რომელზეც ამ ქვეყნაში ეროვნული თანხმობა უნდა იყოს. როდესაც რუსეთის აგრესიას ვერაფრით ვუშლით ხელს, როგორ შეიძლება ამ ფონზე საუბრობდეთ იმაზე, რა მოხდა 2008 წელს?! 2008 წელს საქართველო გახდა რუსეთის აგრესიის მსხვერპლი! 2008 წელს ჩვენ მსოფლიოს ვაფრთხილებდით, რომ რუსეთის აგრესია საქართველოში არ დამთავრდებოდა და რომ შემდეგი უკრაინა იქნებოდა. სამწუხაროდ, მაშინ ჩვენი გზავნილი არ იქნება შესმენილი. დღეს ჩვენ ვხედავთ, სადაც არის მსოფლიო, სადაც არის ევროპა და სადაც არის რუსეთის და ევროპის ურთიერთობები. 2008 წლის შემდეგ სრულიად შეიცვალა საერთაშორისო კონტექსტი და როგორ მოახერხეთ, რომ დღეს, 2017 წელს, როდესაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე საუბრობენ, გეგონება საქართველო მსოფლიო რუკაზე აღარ არსებობს. როგორ მოახერხეთ ის, რომ აღარავინ ახსენებს რუსეთს მის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებს. ეს არის იმის შედეგი, რომ დღესაც აგრძელებთ რუსეთთან გაუგებარ მოლაპარაკებებს”, - მიმართა სამადაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას. 

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ამ კოტექსტში აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი გააკრიტიკა, მას ”მავნებლური” უწოდა და როგორც აღნიშნა, აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებებმა ჟენევის ფორმატი დააკნინა.