მოდით, ჩავწეროთ კანონში, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეიძლება იყოს თამბაქოს არამწეველი ბოლო 15 წლის განმავლობაში - ეს მაინც იქნება თქვენი მხრიდან ერთი რაიმე კარგი ნაბიჯი საკონსტიტუციო ცვლილებების განმავლობაში, - ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრებს.
გოცირიძემ საკონსტიტუცი ცვლილებების პროექტი შეაფასა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის მიერ მომზადებული დოკუმენტი არა კონსტიტუცია, არამედ მათი საარჩევნო კანონია.
„აქ გაისმა პრეტენზია იმის თაობაზე, რომ თურმე რომელიღაც პარტიებმა დატოვეს საკონსტიტუციო კომისია და ეს იყო არაკოლეგიალური ნაბიჯი. ის კონსტიტუცია, რომელიც თქვენ ახლა შექმენით, არ არის კონსტიტუცია, ეს არის თქვენი საარჩევნო კანონი. თქვენ, ფაქტობრივად, გინდათ არჩევნებისათვის კონსტიტუციის მეშვეობითაც კი შეიქმნათ სასათბურე პირობები. ეს არის თქვენს პოლიტიკურ მიზანზე მორგებული დოკუმენტი, ამიტომ ნურას უკაცრავად, მაგრამ ჩვენ ვერ შეგიქმნიდით კომისიაში ფასადის როლს. კომისია თქვენ რეალურად გამოიყენეთ უკვე შექმნილი დოკუმენტის გასასაღებლად. ეს კონსტიტუცია, პირველ რიგში, მისი საარჩევნო ნაწილი, არის ხელისუფლების უზურპაციის მორიგი მცდელობა“, - განაცხადა გოცირიძემ.
მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით პრეზიდენტის ასაკობრივი ცენზი 40 წლამდე იზრდება, მაშინ როდესაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობასთან მიმართებაში ასაკობრივი ცენზი არ არსებობს.
„ანუ პრემიერ-მინისტრი, ქვეყნის მთავარი პირი შეიძლება დანიშნული იქნას 18 წლის ახალგაზრდა ბიჭი და პრეზიდენტი - არა. ესეც თქვენი საარჩევნო ხრიკები და შიდაპოლიტიკური სელექციაა. მე თქვენ გირჩევთ, ერთი კეთილი საქმე მაინც გააკეთოთ. დღეს გამოდის კანონი თამბაქოსთან დაკავშირებით. მოდით, ჩავწეროთ ამ კანონში მუხლი, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეიძლება იყოს თამბაქოს არამწეველი ბოლო 15 წლის განმავლობაში. ეს მაინც იქნება თქვენი მხრიდან ერთი რაიმე კარგი ნაბიჯი ამ საკონსტიტუციო ცვლილებების განმავლობაში. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს დოკუმენტი არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარებიდან სერიოზული უკანგადადგმული ნაბიჯი. ჩვენი დემარში არის ხალხის გამოფხიზლება, საერთაშორისო აზრის მობილიზება, რათა არ დავუშვათ ამ მავნებლური დოკუმენტის მიღება“, - განაცახდა რომან გოცირიძემ.