დეპუტატები სუს-ის ხელმძღვანელისგან გარკვეულ ინფორმაციას დახურულ ფორმატში მოისმენენ

დეპუტატები სუს-ის ხელმძღვანელისგან გარკვეულ ინფორმაციას დახურულ ფორმატში მოისმენენ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისგან დეპუტატები იმ ინფორმაციას, რომლის გასაჯაროებაც მიზანშეწონილი არ არის, სპეციალურ რეჟიმში მოისმენენ.
ეკა ბესელიას შეფასებით, სუს-ის ხელმძღვანელის ანგარიში, რომლითაც ის დღეს წარსდგება საკანონმდებლო ორგანოში, ძალიან მნიშვნელოვანია და ეხება ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით აბსოლუტურად ყველა სფეროს.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მივიღოთ, ვიდრე ეს არის საჯაროდ წარმოდგენილ ანგარიშში. განსაკუთრებით, როდესაც ვსაუბრობთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე პრევენციული ღონისძიებების გატარება, ტერორიზმის საფრთხეების განეიტრალება, ანტიტერორისტული თუ ანტიკორუფციული სამსახურების მუშაობა, საზღვრების დაცვა და, მათ შორის, პრევენცია, როცა უვიზო მიმოსვლაა ქვეყანაში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მნიშვნელოვანია, რომ ასევე ვიცოდეთ იმ მოქალაქეებთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია, ვისაც უარი უთხრეს შესაბამისმა სამსახურებმა სწორედ უსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში შემოსვლაზე. ასეთი ტიპის ინფორმაციების მოსმენა საჯარო და პირდაპირ სივრცეში, პირდაპირ ეთერში არის წარმოუდგენელი. ვერცერთ ქვეყანას ვერ დამისახელებთ თქვენ, სადაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს უსაფრთხოების თემებზე საუბრობენ პირდაპირ ეთერში. რა თქმა უნდა, ანგარიში იქნება ღია და საჯარო ის, რაც საჯარო სივრცეში უნდა ითქვას, მაგრამ საქართველო, რომელიც არ არის ისეთ გარემოში, რომ ჩვენ ვიგრძნოთ თავი უსაფრთხოდ და ჩვენ მეზობლად არის ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, რომლისთვისაც უმნიშვნელოვანესია, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღოს უსაფრთხოების კუთხით, უსაფრთხოების ანგარიშის პირდაპირ ეთერში დეტალური მოსმენა წარმოუდგენელია.

ანგარიშის ნაწილი იქნება ღია და პირდაპირ ეთერში იქნება შესაძლებლობა მოსმენის ის, რაც შეიძლება ითქვას საჯაროდ, მაგრამ ის, რაზეც ჩვენ გვინდა მეტი ინფორმაცია მივიღოთ და უფრო დეტალურად გავიგოთ ბევრი რამ, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება სპეციალური რეჟიმი მოსმენის",- განაცხადა ეკა ბესელიამ.

საკანონდმებლო ორგანო დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშს მოისმენს.