სერგეი ლავროვის სოხუმში ვიზიტი დადასტურებაა იმის, რომ რუსეთს არ გააჩნია საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორების სურვილიც კი

სერგეი ლავროვის სოხუმში ვიზიტი დადასტურებაა იმის, რომ რუსეთს არ გააჩნია საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორების სურვილიც კი

სერგეი ლავროვის სოხუმში ვიზიტი იმის დადასტურებაა, რომ რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებას არ გააჩნია საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორების სურვილიც კი და არ გეგმავს არანაირ ცვლილებას საკუთარ ექსპანსიურ პოლიტიკაში, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზვიად კვაჭანტირაძემ გააკეთა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიმართ აღარ არსებობს ნდობა და ის ცალმხრივად ვერ აღდგება, თუკი პრინციპულად არ შეიცვლება არსებული სიტუაცია, რაც უპირველესად, საქართველოს ტერიტორიის სრულ და უპირობო დეოკუპაციაში უნდა გამოიხატოს. 

”გასულ დღეებში ჩვენ კიდევ ერთხელ გავხდით იმის მოწმენი, რომ სამწუხაროდ, რუსეთი აგრძელებს პროვოკაციულ პოლიტიკას კავკასიაში და უშუალოდ საქართველოსთან მიმართებაში. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სოხუმში ვიზიტი ამის მორიგი დადასტურებაა. იმის მიუხედავად, რომ ჩვენი მხრიდან არა ერთი განცხადება გაკეთდა და რეაგირებაც ადეკვატური და დროული იყო, ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრული და ერთიანი, როდესაც საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან პრობლემას ეხება. ერთიანი უნდა იყოს ერიც და ბერიც და რეაგირებაც ასეთ პროვოკაციებზე უნდა გვქონდეს ერთიანი, მკაფიო, მიუხედავად იმისა, აინტერესებთ თუ არა ჩვენი აზრი მოსკოვში. სერგეი ლავროვის სოხუმში ვიზიტი იყო არა მხოლოდ მორიგი პროვოკაცია, არამედ უაღრესად მცდარი პოლიტიკური ნაბიჯი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან, რაც მხოლოდ და მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ რუსეთი თავად ვერ აღიქვამს რეალობას სწორად და განაგრძობს ილუზორულ პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში. რუსეთი ვერ აცნობიერებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს დაუკანონებს მას ანექსიურ პოლიტიკას კავკასიასთან მიმართებაში, არასდროს დაუკანონს საქართველოს გახლეჩვას და დაქუცმაცებას. ლავროვის სოხუმში ვიზიტი გვაფიქრებინებს, რომ რუსეთის პოლიტიკურ ისთებლიშმენტში მძლავროვენ ე.წ. სამოსმები, რომელთაც წარმოდგენაც არა აქვს საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ბრძოლის ისტორიაზე და იმაზე, თუ რას ნიშნავს ქართველბისთვის საკუთარი სამშობლო და მშობლიური მიწა. ლავროვის სოხუმში ვიზიტი იმის დადასტურებაა, რომ რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებას არ გააჩნია საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორების სურვილიც კი და არ გეგმავს არანაირ ცვლილებას თავის ექსპენსიურ პოლიტიკაში. პრინციპში ამის იმედი არც არასდროს გაგვაჩნდა, მაშინ კი, როდესაც წელიწადში ერთხელ ეკრანებზე ვხედავთ ნიანგის ცრემლებს და ვისმენთ გულისამაჩუყებელ სიტყვებს საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ სიყვარულის თაობაზე. პრობლემაც იმაშია, რომ ჩვენ არა გვაქვს ნდობა და მას ცალმხრივად ვერ აღვადგენთ თუ დღევანდელი სიტუაცია პრინციპულად არ შეიცვლება, რაც უპირველესად, საქართველოს ტერიტორიის სრულ და უპირობო დეოკუპაციაში უნდა გამოიხატოს”, - განაცხადა კვაჭანტირაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 
მან ისიც აღნიშნა, რომ ”საქართველო მიისწრაფვის ისტორიული მიზნისკენ და ამ გზაზე მას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს”. 
”საქართველო ბრუნდება ევროპაში - საკუთარ სახლში, რომელსაც ის ეკუთვნოდა და ეკუთვნის ყველა ისტორიული სამართლიანობის დაცვით”, - განაცხადა კვაჭანტირაძემ.