ჩვენ ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს და ამას არაფერი შეცვლის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში თურქეთის ელჩმა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ განუცხადა.
თურქმა დიპლომატმა ქვეყანაში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ გამართული რეფერენდუმის შესახებ ისაუბრა და
„სიტუაცია თურქეთში საკმაოდ მშვიდი და ნორმალურია. როგორც იცით, კვირას რეფერენდუმი ჩატარდა. რეფერენდუმში მონაწილეობის მაჩვენებელი ძალიან დიდი იყო. თურქი ხალხის 60%-ზე მეტმა მიიღო მასში მონაწილეობა. წინასწარი შედეგები უკვე გამოქვეყნებულია, ხოლო საბოლოო დაახლოებით ათ დღეში გამოცხადდება. იმ მონაცემებით რაც გვაქვს, ცხადია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია. რა თქმა უნდა, არის საჩივრები, მაგრამ ეს ყველა არჩევნების შემდეგ ხდება. თუნდაც ამ სიტუაციის გათვალისწინებით, ეს ვერ მოახდენს გავლენას რეფერენდუმის შედეგებზე. ამიტომაცაა, რომ პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი გამოვიდნენ და რეფერენდუმის შედეგები გამოაცხადეს. ასევე აშშ-ის პრეზიდენტმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მიულოცეს თურქ პოლიტიკოსებს. პირველ რიგში, მიულოცეს რეფერენდუმის დემოკრატიულად ჩატარება და რა თქმა უნდა, რეფერენდუმის შედეგებიც“, - განაცხადა თურქეთის ელჩმა.
მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების რეფერენდუმზე დამტკიცება მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს თურქეთის დემოკრატიისათვის.
„მოგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ერთი ნაწილი დაუყოვნებლივ იქნება ამოქმედებული, ხოლო დარჩენილი ნაწილი კი 2019 წლიდან ამოქმედდება, როდესაც კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ერთდროულად ჩატარდება საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. მანამდე კი თურქეთის პარლამენტი იმუშავებს ახალი კანონმდებლობის ჰარმონიზაციაზე. თურქეთის დემოკრატიისთვის ეს მნიშვნელოვანი მომენტია და ჩვენ გავაგრძელებთ დემოკრატიის განმტკიცებას.
რაც შეეხება თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებს, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები მყარ საძირკველზე დგას. ჩვენ ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს და ამას არაფერი შეცვლის“, - აღნიშნა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ.