ყველა ოპოზიციური პარტია ცალსახად ადასტურებს იმას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ არის პოზიტიური, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა წევრმა თამარ კორძაიამ დღეს განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო კომისიასა და საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა.
თამარ კორძაიამ საპარლამენტო არჩევნების, პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებასა და ბლოკების აკრძალვაზე გაამახვილა ყურადღება.
მისი თქმით, უმრავლესობა მიიჩნევს, რომ გაუნაწილებელი მანდატები მთლიანად უნდა გადაეცეს გამარჯვებულ პარტიას და ეს არის ათანაზომიერი გადანაწილება.
„კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის საბოლოო ვერსია ჯერ თავად საკონსტიტუციო კომისიის წევრებსაც არ აქვთ. სამწუხაროა, რომ ბოლომდე არავინ იცის რომელ მუხლში რა იქნება ასახული. მე შემიძლია მხოლოდ იმ ფარგლებში ვისაუბრო, რომელი ვერსიაც ნანახი მაქვს. ეს არის ერთ-ერთი ბოლო, მაგრამ არა საბოლოო. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება ღიად გამოხატავს პოზიციას საპარლამენტო არჩევნების წესთან დაკავშირებით. საქმე იმაშია, რომ ეს წესი არის ყველაზე უსამართლო, რადგან უმრავლესობა მიიჩნევს, რომ გაუნაწილებელი მანდატები მთლიანად უნდა გადაეცეს მოგებულ, ყველაზე მეტი ხმის მქონე პარტიას, რაც ასევე არათანაზომიერი გადანაწილებაა მოსახლეობის ხმების. გაუნაწილებელი მანდატები მთლიანად უმრავლესობას რჩება, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არ ექნებათ სათანადო ხმები მიღებული, მაგრამ უმრავლესობა მაინც ეყოლებათ პარლამენტში, როგორც დღეს აქვთ, 48% მიიღეს, 100-ზე მეტი ადამიანი ჰყავთ პარლამენტში, რაც სამართლიანი გადანაწილება არ არის“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.
მან ასევე ბლოკების აკრძალვის იდეა გააკრიტიკა.
„მეორე რაც უფრო ამძიმებს ამ ყველაფერს, ეს არის საარჩევნო ბლოკების აკრძალვის იდეა. ძალიან დიდი მადლობა „ქართულ ოცნებას“ , რომ პარტიების განვითარებაზე ზრუნავს, მაგრამ უნდა დავინახოთ, რომ ქვეყანაში სრული სტგნაციაა, ბიზნესი არ ვითარდება, ბიზნესი თავისუფლად არ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს და ამ პირობებში როგორ შეიძლება პოლიტიკური პარტია განვითარდეს? იქნება ვინმემ ახსნას“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.
მისივე თქმით „რესპუბლიკური პარტია“ არ ეთანხმება პრეზიდენტის არჩევის წესსაც.
„პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება არ უნდა საქართველოს მოსახლეობას. მოქალაქეებს სურთ თვითონ აირჩიონ პრეზიდენტი და მათ წინაშე ანგარიშვალდებული პრეზიდენტი ჰყავდეთ და ამას არ ითვალისწინებს მმართველი უმრავლესობა“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.
მისივე თქმით, ეს საკონსტიტუციო ცვლილებები არ შეუწყობს ხელს ქვეყანაში მრავალპარტიულობის განვითარებას.
„მიუხედევად იმისა, რომ რესპუბლიკური პარტია დაარსებიდან საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრე იყო, „რესპუბლიკური პარტია“ არის ადეკვატური და თვლის, რომ ახლა საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელის შემოტანა ამ ფორმატში ნიშნავს, ვიღაცისთვის ძალაუფლების განმტკიცებას“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.