რუსეთი „ორმაგი მოქალაქეობის“ პროექტზე აფხაზეთის რეაქციას ელოდება

რუსეთი „ორმაგი მოქალაქეობის“ პროექტზე აფხაზეთის რეაქციას ელოდება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთი აფხაზეთის რეაქციას ელოდება „ორმაგი მოქალაქეობის“ პროექტთან დაკავშირებით. აღნიშნულის შესახებ მარია ზახაროვამ სააგენტო Sputnik-ს განუცხადა. 

„აფხაზეთის მოქალაქეების მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურის გამარტივება რუსეთის მხარის ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს რუსეთსა და აფხაზეთს შორის 2014 წელს „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში. რუსეთის მხარემ უკვე შეიმუშავა შესაბამისი შეთანხმების პროექტი. ველოდებით აფხაზური მხარის შესაბამის რეაქციას ამ დოკუმენტის პროექტზე, რომელიც ოფიციალურ სოხუმს 2016 წლის ნოემბერში გადაეცა“, - განაცხადა მარია ზახაროვამ. 

რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ უკვე ახლა ორმაგი მოქალაქეობის მქონე უამრავი ადამიანია და მოქალაქეობის მიღების პროცედურის გამარტივებასთან ერთად მათი რაოდენობა უფრო გაიზრდება.