რამდენადაც ჩემი აფხაზი მეგობრებისგან ვიცი, აფხაზეთში ლავროვის ვიზიტს დიდი აღფრთოვანება და სიხარული არ მოჰყოლია

რამდენადაც ჩემი აფხაზი მეგობრებისგან ვიცი, აფხაზეთში ლავროვის ვიზიტს დიდი აღფრთოვანება და სიხარული არ მოჰყოლია

ლავროვის ვიზიტთან დაკავშირებით საგარეო უწყებამ რეაგირება მოახდინა და ჩვენი პოზიციაა, რომ ეს საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევა და საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფაა, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აფხაზეთში რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის ვიზიტს. 

თალაკვაძის განცხადებით, აფხაზეთში კარგად ხედავენ, რომ რუსული ოკუპაციის შედეგი რეგიონის განვითარების შეფერხებაა.

„რამდენადაც ჩემი აფხაზი მეგობრებისგან ვიცი, აფხაზეთში ლავროვის ვიზიტს დიდი აღფრთოვანება და სიხარული არ მოჰყოლია, რადგან აფხაზეთში კარგად ხედავენ, რომ რუსული ოკუპაციის შედეგი მხოლოდ და მხოლოდ შეფერხებაა ამ რეგიონის განვითარების. შეფერხებაა აფხაზეთის განვითარების მაშინ, როცა ამ რეგიონს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ჩვენს აფხაზ ძმებს უფლება აქვთ, რომ საკუთარი რეგიონი განავითარონ, უკეთესი ცხოვრება და პირობები ჰქონდეთ. ამ დროს, ისინი ხედავენ, რომ რუსული ოკუპაციის პირობებში ეს პროცესი მთლიანად შეფერხებულია, მოყოლებული კონფლიქტის დაწყების დღიდან ამ დრომდე. საგარეო უწყებამ რეაგირება მოახდინა და ჩვენი პოზიციაა, რომ ეს საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევა და საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფაა. რუსეთის მთავრობას მოვუწოდებთ, რომ ასეთი პროვოკაციული ქმედებებისგან თავი შეიკავონ. კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან გვაქვს,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აფხაზეთს გუშინ ეწვია.