რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრაზე „აფხაზეთის კურსის მხარდაჭერის“ თაობაზე დაინტერესება გამოთქვა.
„ჩვენ დაინტერესებულნი ვართ მხარი დავუჭიროთ თქვენს კურსს, რომელიც აფხაზეთის თითოეული მცხოვრების თანაბარი უფლებების უზრუნველყოფაზეა მიმართული, რათა აქ ყველამ თავი მშვიდად და ნაციონალურ თანხმობაში იგრძნოს“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
როგორც სერგეი ლავროვმა აღნიშნა, მოხარულია, რომ კვლავ იმყოფება აფხაზეთში.
„სასიამოვნოა, რომ კვლავ აფხაზეთში ვიმყოფები. გუშინ, ჩვენ რუსეთის საელჩო მოვინახულეთ, ეს ცენტრალური ადგილია სოხუმში და ძალიან კომფორტული პირობებია ჩვენი თანამშრომლებისთვის. ის, რომ ჩვენ ასეთი დიდი საელჩო გავხსენით აფხაზეთში, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენს მოკავშირეობას“, - აღნიშნა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია „ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმებების შესრულება“.
„აქტიურად მუშაობენ მთავრობათაშორისი კომისიები. გასული წლის ნოემბერში რუსეთისა და აფხაზეთის მეწარმეების საქმიანი ფორუმი შედგა. გვაქვს კარგი გეგმები, რომელსაც ორი ქვეყნის მთავრობები მხარს უჭერენ“, - დასძინა მან.
თავის მხრივ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სერგეი ლავროვის ბოლო ვიზიტის შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა.