საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო შავ ზღვაში სატვირთო გემის ჩაძირვის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყებში რუსეთის ზღვისა და საზღვაო ტრანსპორტის ფედერალური ადმინისტრაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით განმარტავენ, ეკიპაჟის წევრებს შორის არიან 9 რუსი, 2 უკრაინიელი და საქართველოს 1 მოქალაქე.
„პანამის დროშის სატვირთო გემი Geroi Arsenala (8727604) შავ ზღვაში ჩაიძირა 2017 წლის 19 აპრილს გამთენიისას. მიმდინარეობს მასშტაბური სამაშველო ოპერაცია, სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ეკიპაჟის რამდენიმე წევრი არის უგზო-უკვლოდ დაკარგული. სამაშველო ოპერაციას აწარმოებს რუსეთის საგანგებო სიტაუციების სამინისტრო, ჩართულია 13 ერთეული მცურავი საშუალება. დადასტურებულია ნოვოროსისკის სამაშველო სამსახურის მიერ, რომ ეკიპაჟის ერთი წევრი, უკრაინის მოქალაქე არის გადარჩენილი, ხოლო ეკიპაჟის დანარჩენი წევრების ძებნა მიმდინარეობს. რუსეთის ზღვისა და საზღვაო ტრანსპორტის ფედერალური ადმინისტრაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ეკიპაჟის წევრებს შორის არიან 9 რუსი, 2 უკრაინიელი და საქართველოს 1 მოქალაქე, რომელიც ბოცმანია.
გემი 2017 წლის 4 აპრილს იმყოფებოდა საქართველოში, კერძოდ, ფოთის ნავსადგურში და მისი ტექნიკური გამართულობა ეჭვს არ იწვევდა.
გემი თურქული კომპანიის Gunes Denizcilik Nakliyat ve Dis Ticaret Limited Sirketi (Gunes Shipping & Trading Company Limited) საკუთრებაა”, - ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.
შავ ზღვაში სატვირთო გემი «Герои Арсенала» ჩაიძირა. არსებული ინფორმაციით, ეკიპაჟის 12 წევრიდან 5 წევრის გადარჩენა მოხერხდა. ყირიმის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარი სამმართველოს პრესსამსახურის ცნობით, მათ ადგილობრივი დროით 03:54 საათზე SOS-ის სიგნალი მიიღეს.
სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ეკიპაჟის ხუთი წევრის გადარჩენა მოხერხდა, ხოლო დანარჩენი შვიდი წევრი დაკარგულებად ითვლებიან. სატვირთო გემი პანამის დროშის ქვეშ ცურავდა.
არსებული ცნობით, ეკიპაჟის 12 წევრიდან ცხრა უკრაინის მოქალაქე იყო, ორი - რუსეთის, ერთი კი საქართველოს მოქალაქე.
სატვირთო გემი რუსეთის ქალაქ აზოვის პორტიდან თურქეთისკენ მიემართებოდა და მარცვლეულით იყო დატვირთული.