საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის ინფორმაციით, შავ ზღვაში სატვირთო გემის ჩაძირვის შედეგად საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია „ჯერჯერობით არ დასტურდება“.
როგორც ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ქართული მხარის ჩართულობა სამძებრო ღონისძიებებში მაქსიმალური იქნება.
„ძალიან სამწუხარო ფაქტია. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები და ჩვენ ვეცდებით, რომ იყოს მაქსიმალური ჩართულობა. იმედს ვიტოვეთ, რომ ის ინფორმაცია, რომლიც ვრცელდება ქართველთან დაკავშირებით, არ დადასტურდება და ასევე, ყველა დაკარგულის მოძიება იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა ჯანელიძემ.
შავ ზღვაში სატვირთო გემი «Герои Арсенала» ჩაიძირა. არსებული ინფორმაციით, ეკიპაჟის 12 წევრიდან 5 წევრის გადარჩენა მოხერხდა. ყირიმის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარი სამმართველოს პრესსამსახურის ცნობით, მათ ადგილობრივი დროით 03:54 საათზე SOS-ის სიგნალი მიიღეს. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ეკიპაჟის ხუთი წევრის გადარჩენა მოხერხდა, ხოლო დანარჩენი შვიდი წევრი დაკარგულად ითვლება. სატვირთო გემი პანამის დროშის ქვეშ ცურავდა. არსებული ცნობით, ეკიპაჟის 12 წევრიდან ცხრა უკრაინის მოქალაქე იყო, ორი - რუსეთის, ერთი კი საქართველოს. სატვირთო გემი რუსეთის ქალაქ აზოვის პორტიდან თურქეთისკენ მიემართებოდა და მარცვლეულით იყო დატვირთული.