„ეროვნული ფრონტის“ ლიდერი, მარინ ლე პენი ფრანგული ტელეარხის TF1-ის გადაცემაში მონაწილეობას იმ პირობით დათანხმდა თუ უკანა ფონზე ევროკავშირის დროშა არ იქნებოდა.
ტელეარხი საპრეზიდენტო კანდიდატის პირობას დათანხმდა, თუმცა ამ მოთხოვნის მიზეზის განმარტება სთხოვა.
„ეროვნული ფრონტის“ ლიდერმა ევროკავშირის დროშასთან დაკავშირებული მოთხოვნა ასე განმარტა: „მე მსურს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვიყო და არა ევროკომისიის პრეზიდენტი. მე მივიჩნევ, რომ ევროკავშირმა დიდი ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს, იქნება ეს ეკონომიკური, სოციალური თუ საზღვრების გაუქმების სფეროში. ზუსტად ეს იქნება პირველი ზომა, რომელსაც მე მივიღებ - აღვადგინოთ კონტროლი ჩვენს საზღვრებზე, რათა ვიცოდეთ თუ ვინ შემოდის ჩვენთან და შევძლოთ ბრძოლა ისლამისტური ტერორიზმის საფრთხესთან“.
მარინ ლე პენმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში საფრანგეთის სახელმწიფო უწყებების შენობებზე ევროკავშირის დროშების აღმართვას აკრძალავს.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს, ხოლო მეორე ტური 7 მაისს გაიმართება.