აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის რეფერენდუმის შედეგების მილოცვის თაობაზე თეთრი სახლი განმარტებას აკეთებს.
თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილის სარა ჰაკაბი სანდერსის განცხადებით, სატელეფონო საუბარი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას ეხებოდა და ამ სატელეფონო საუბრის მთავარი პრიორიტეტი ერთობლივი ინტერესების განხილვა იყო.
„ახლო აღმოსავლეთი საკმაოდ პრობლემური რეგიონია და ამ საკითხებზე საჭიროა საუბარი“, - აღნიშნა სარა ჰაკაბი სანდერსმა.
ჟურნალისტების კითხვას, შესძლებს თუ არა დონალდ ტრამპი ტერორიზმთან ბრძოლაში „არადემოკრატიულ თურქეთთან“ თანამშრომლობას, მან უპასუხა:
„ვფიქრობ, პრეზიდენტის უმთავრესი ამოცანა ის არის, რომ ამერიკელები უსაფრთხოდ იყვნენ. ეს მისი პრიორიტეტია და თუ საამისოდ მას თურქეთთან ან სხვა ქვეყნებთან მოუწევს მუშაობა, ვფიქრობ, ეს მისი პრიორიტეტი იქნება“, - დასძინა თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილემ სარა ჰაკაბი სანდერსმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთში, 16 აპრილს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები მიულოცა. პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გუშინ შედგა.