მამუკა ჟღენტი სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატებს მოუწოდებს, გასაუბრებაზე მედიის დასწრებას მხარი დაუჭირონ

მამუკა ჟღენტი სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატებს მოუწოდებს, გასაუბრებაზე მედიის დასწრებას მხარი დაუჭირონ

საქართველოს ყოფილი ელჩი ევროპის საბჭოში, „ახალი ერთობა საქართველოსთვის“ დამფუძნებელი მამუკა ჟღენტი სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატებს მოუწოდებს, გასაუბრებაზე მედიის დასწრებას მხარი დაუჭირონ. 

მამუკა ჟღენტის აზრით, ეს არა მხოლოდ ხელს შეუწყობს პროცესის გამჭვირვალობას, არამედ თავად კანდიდატების ინტერესებშიცაა, როგორც ეს მოსამართლის შერჩევის პირველი მცდელობისას მიღებულმა გამოცდილებამ ცხადყო. 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჟღენტმა განუცხადა, „ახალი ერთობა საქართველოსთვის“ მიესალმება იმ ფაქტს, რომ სტრასბურგის მოსამართლის შესარჩევ პროცესში კანდიდატთა უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა. 

„საქართველოსთვის ასევე უპრეცედენტო, მოსამართლის არჩევის პირველი მცდელობის ჩავარდნის პირობებში, აუცილებელია მოხერხდეს სამაგალითო კანდიდატების შერჩევა, ასევე სამაგალითო და გამჭვირვალე პროცესის შედეგად. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაცია, შესარჩევი კომისიის საქმიანობის ორგანიზება გადაებარებინა საკანონმდებლო ორგანოსთვის და კომისიის ხელმძღვანელად კვლავ რჩება საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რომლის არაკომპეტენტურობამ და მიკერძოებულმა მიდგომამ განაპირობა სტრასბურგის შესაბამისი სტრუქტურების დაეჭვება პროცესის ობიექტურობასა და გამჭვირვალობაში. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, „ახალი ერთობა საქართველოსთვის“ აქტიურად დააკვირდება პროცესის მიმდინარეობას და აუცილებლობის შემთხვევაში საკუთარ პოზიციას გააცნობს საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოებას და შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას“, - განაცხადა ჟღენტმა.

„ახალი ერთობა საქართველოსთვის“ უერთდება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მოთხოვნას ხელისუფლებისადმი და აუცილებლად მიიჩნევს იუსტიციის სამინისტროს მხრიდან თითოეული კანდიდატის მიერ აპლიკაციის ჩაბარების თარიღის გასაჯაროვებას. 

„აღნიშული უმნიშვნელოვანესია რათა თავიდანვე გამოირიცხოს პროცესის პოლიტიზირება და პირველი მცდელობისას დაფიქსირებული მანიპულაციები. მითუმეტეს, აპლიკაციების მიღების ვადის გაუგებარი მიზეზით გახანგრძლივების გათვალისწინებით. ასევე მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, დროულად დაუფიქსირონ დაინტერესება ხელისუფლებას, კანდიდატებთან ინტერვიუებზე დასწრებასა და გაშუქების თაობაზე. მთავრობის შესაბამისი დადგენილებით აღნიშნული დაშვებულია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანდიდატი თავად არის გასაუბრებაზე მედიის დასწრების წინააღმდეგი. შესაბამისად, მოვუწოდებთ კანდიდატებს, ღიად დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია და არ შეეწინააღმდეგონ მედიის დასწრებას შესარჩევ კომისიაზე მათ გასაუბრებაზე. ეს არა მხოლოდ თვით პროცესის გამჭვირვალობის, არამედ მათ საკუთარ ინტერესებშიცაა, როგორც ეს ცხადყო მოსამართლის შერჩევის პირველი მცდელობისას მიღებულმა გამოცდილებამ“ , - განაცხადა მამუკა ჟღენტმა.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი საქართველოდან 68 კანდიდატმა გამოთქვა. კანდიდატებს შორის არიან: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები თამარ ალანია და შოთა გეწაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი და მისი ყოფილი მოადგილე კონსტანტინე ვარძელაშვილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ლადო ჭანტურია, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფიო ჯაფარიძე, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში კონსტანტინე კორკელია და ა.შ. მათგან ხუთ კანდიდატურას სპეციალური სამთავრობო კომისია შეარჩევს.

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარსაგზავნი მოსამართლის 2016 წლის კონკურსში 47 კანდიდატი მონაწილეობდა.