ვფიქრობ, აშშ-ის ხელისუფლება უახლოეს მომავალში ამ შარლატანის ექსტრადირებას მოახდენს

ვფიქრობ, აშშ-ის ხელისუფლება უახლოეს მომავალში ამ შარლატანის ექსტრადირებას მოახდენს

თურქეთი იმედოვნებს, რომ აშშ-ის ხელისუფლება თურქეთს „პარალელური სახელმწიფოს“ ხელმძღვანელს ფეთჰულა გიულენს გადასცემს. აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტელეარხ TRT-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

„ვფიქრობ, აშშ-ის ხელისუფლებამ გაიაზრა, რომ მათი პოზიცია მცდარია და უახლოეს დროში ამ შარლატანის ექსტრადირებას მოახდენს“, - აღნიშნა ერდოღანმა. 

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განმარტებით, გიულენის მოკავშირეების მიერ აშშ-ში გახსნილი სკოლები „ტერორისტულ მოძრაობას“ წელიწადში 750 მილიონ აშშ დოლარის შემოსავალს აძლევენ. 

„რაში იხარჯება ეს ფული? ჩვენ შევატყობინეთ ამერიკულ მხარეს, რომ ამ ფულის რაღაც ნაწილი აშშ-ის კონგრესის რიგ წევრებს გადაეცემა. თუმცა, მიუხედავად ამისა, აშშ-ის ხელისუფლება გიულენის ექსტრადირების სანქციას არ იძლევა, რაც გარკვეულ კითხვებს ბადებს“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. 

მისივე თქმით, ნატო-ს მოკავშირეები მჭიდროდ უნდა თანამშრომლობდნენ, მითუმეტეს, როდესაც საუბარია სტრატეგიულ პარტნიორობაზე. 

„რაც შეეხება გიულენთან დაკავშირებულ სიტუაციას, დონალდ ტრამპის თეთრ სახლში მოსვლის შემდეგ, იმედია, სიტუაცია შეიცვლება. 16 აპრილის რეფერენდუმის შემდეგ ტრამპთან ამ საკითხის განხილვას ვგეგმავ“, - დასძინა ერდოღანმა.