სილვიო ბერლუსკონიმ ყველაფერი გააკეთა რათა, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში შევსულიყავით - „მილანი“ ჩემს გულშია

სილვიო ბერლუსკონიმ ყველაფერი გააკეთა რათა, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში შევსულიყავით - „მილანი“ ჩემს გულშია

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და საფეხბურთო კლუბი „მილანის“ პრეზიდენტის სილვიო ბერლუსკონის „მილანიდან“ წასვლას გამოეხმაურა. 

„უსაზღვრო მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ბერლუსკონის იმისათვის, რაც მან გააკეთა, რათა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში შევსულიყავით. მან საოცარი გუნდი შექმნა. ჩემთვის პატივია, რომ ამ გუნდის ნაწილი ვიყავი. "მილანი" ჩემს გულშია“, - დაწერა კახა კალაძემ „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე. 

13 აპრილს საფეხბურთო კლუბ „მილანის“ მფლობელმა სილვიო ბერლუსკონიმ კლუბის გაყიდვის პროცესი დაასრულა.

სილვიო ბერლუსკონის კომპანია Fininvest ოფიციალური განცხადებით გამოვიდა, სადაც ჩინურ კონსორციუმ Rossoneri Sport Investment Lux-ისთვის კლუბის აქციების 99.93 პროცენტის მიყიდვის შესახებ ისაუბრა.

გარიგების თანხა 740 მილიონი ევროა, აქედან 220 მილიონი ვალების დაფარვას მოხმარდება. 

სილვიო ბერლუსკონი „მილანის“ მფლობელი 31 წლის განმავლობაში იყო. ამ დროის განმავლობაში „მილანმა“ ევროპასა და იტალიაში 29 ტიტული მოიპოვა.