თურქეთმა შესაძლოა ევროკავშირთან საიმიგრაციო საკითხთან დაკავშირებული ყველა შეთანხმება შეაჩეროს

თურქეთმა შესაძლოა ევროკავშირთან საიმიგრაციო საკითხთან დაკავშირებული ყველა შეთანხმება შეაჩეროს

თურქეთმა შესაძლოა გადახედოს ან შეაჩეროს ევროკავშირთან საიმიგრაციო საკითხთან დაკავშირებული ყველა შეთანხმება, თუ ევროკავშირი თურქეთს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე დადებით პასუხს არ ეტყვის, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ. 

2016 წლის დასაწყისში თურქეთის მთავრობამ ევროკავშირთან შეთანხმებას მიაღწია მიგრანტთა ნაკადის შეკავების თაობაზე, რის სანაცვლოდაც თურქეთის მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი მიენიჭებოდათ. თუმცა, ევროკავშირი ოფიციალური ანკარისგან ანტიტერორისტული კანონმდებლობის შეცვლას ითხოვს. 

ტელეარხ A Haber-სთვის მიცემულ ინტერვიუში მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი მიგრანტთა შესახებ შეთანხმების ნაწილი იყო. „თუ ჩვენ უარყოფით პასუხს მივიღებთ ევროკავშირისგან, ჩვენ უფლება გვაქვს გადავხედოთ და შევაჩეროთ ევროკავშირთან მიღწეული ყველა შეთანხმება. ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი უნდა მოგვცეს, რომელსაც ჩვენი ხალხი იმსახურებს“, - დასძინა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.