ხვალ მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს

ხვალ მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს

ხვალ, დიდ შაბათს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრების გარშემო დილით გარდამოხსნის შემოტარების წესი შესრულდება. 

სასულიერო პირები გარდამოხსნას, რომელზეც ჯვრიდან ჩამოხსნილი გარდაცვლილი უფალია გამოსახული, ტაძრებს შემოატარებენ. გარდამოხსნის შემოტარების წესს საღმრთო ლიტურგია მოჰყვება და მორწმუნეებს წმინდა ზიარების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

გარდამოხსნის შემოტარება სიმბოლურად მაცხოვრისთვის წესის აგებას და მის საფლავში დადებას განასახიერებს. სახარების მიხედვით, საფლავში დაფლულ უფალთან დილაადრიან მენელსაცხებლე დედები მივიდნენ. მათ ნელსაცხებელი მიჰქონდათ, მაგრამ საფლავზე მიდებული ლოდი გადაგორებული დახვდათ, ხოლო უფლის ანგელოზმა მათ აუწყა, რომ უფალი აღდგა.

დიდმარხვა წელს 27 თებერვალს დაიწყო და 16 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.