ევროინტეგრაციის კომუნიკაციის სტრატეგიით, მთავრობის მიზანს გაწევრიანებისადმი როგორც საქართველოს მოსახლეობის, ისე ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნების მხარდაჭერის გაზრდა წარმოადგენს

ევროინტეგრაციის კომუნიკაციის სტრატეგიით, მთავრობის მიზანს გაწევრიანებისადმი როგორც საქართველოს მოსახლეობის, ისე ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნების მხარდაჭერის გაზრდა წარმოადგენს

ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის 2017-2020 წლების სტრატეგიის მიზანს, ერთი მხივ, ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებისადმი საქართველოს მოსახლეობის მაღალი მხარდაჭერის ხელშეწყობა და მეორე მხრივ, საქართველოს გაწევრიანების მიმართ ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების მხარდაჭერის გაზრდა წარმოადგენს. 

„ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგია 2017-2020 წლებისთვის“ მთავრობის გუშინდელ სხდომაზე დაამტკიცეს. დოკუმენტში გაწერილია ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების პროცესისადმი ქვეყნის მოქალაქეების მაღალი მხარდაჭერის უზრუნველყოფის ხელშეწყობისთვის აუცილებელი გზები და საშუალებები, ასევე, მათ განხორციელებაზე პასუხისმგებელი შესაბამისი სახელმწიფო უწყებების როლი და ფუნქციები. 

სტრატეგიის ამოცანებს შორის დასახელებულია ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების უპირატესობის, სარგებლისა და შესაძლებლობის წარმოჩენა ქვეყნის მოსახლეობისთვის მარტივად გასაგები, ობიექტური ინფორმაციის რეგულარული მიწოდებით და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით; საერთო დასავლური ღირებულებების შესახებ საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება; ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გატარებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ მოსახლეობისთვის ობიექტური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება; საზოგადოებაში ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლოდინის მართვა; მოსახლეობაზე ანტიდასავლური პროპაგანდის ზეგავლენის პრევენცია და შემცირება; ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ ქვეყნებში საქართველოს, როგორც ევროპული, დემოკრატიული ქვეყნის წარმოჩენა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში; ევროკავშირისა და ნატო-ს ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესის შესახებ ცნობიერების ამაღლება. 

სტრატეგიული კომუნიკაცია ეროვნულ დონეზე განხორციელდება შემდეგი ძირითადი გზავნილების საფუძველზე: ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების პროცესში მიმდინარე, განხორციელებული და დაგეგმილი კომპლექსური და ფართომასშტაბიანი რეფორმები აძლიერებს საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და თავდაცვისუნარიანობას; საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანების პროცესი ხელს უწყობს ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის საჭირო უსაფრთხო და კონკურენტული გარემოს შექმნას; უზრუნველყოფს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, საერთო ღირებულებებისა და კულტურული მრავალფეროვნების დაცვას, მოქალაქეთა თავისუფალ გადაადგილებას; ხელს უწყობს უცხოური ინვესტიციების ზრდას, უმუშევრობის შემცირებასა და საქართველოს თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.

საერთაშორისო დონეზე გზავნილები კი შემდეგნაირია: საქართველოს, როგორც ევროპული კულტურისა და ღირებულებების მატარებელ ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ და ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყანას, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში; საქართველო წარმოადგენს დემოკრატიული განვითარების წარმატებულ მაგალითს ევროკავშირისა და ნატო-ს აღმოსავლეთ სამეზობლოში; ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიის სწრაფ კონსოლიდაციას და რეგიონში დემოკრატიული პროცესების განვითარებისკენ სწრაფვას; საქართველო სანდო პარტნიორია, წარმოადგენს მნიშვნელოვან სატრანზიტო დერეფანს, რომელიც, მათ შორის, ხელს უწყობს ევროპის ენერგოუსაფრთხოებას.