ფრანგი გამომძიებლები მარინ ლე პენისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნას ითხოვენ

ფრანგი გამომძიებლები მარინ ლე პენისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნას ითხოვენ

ფრანგი გამომძიებლები მარინ ლე პენისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნას ითხოვენ, - იუწყება ფრანგული რადიოსადგური France Info.

გამომძიებლები მარინ ლე პენის „ეროვნული ფრონტის“ მიერ ევროპარლამენტის ფინანსური სახსრების შესაძლო მითვისების საქმეს იძიებენ.

„გამომძიებლებმა მარინ ლე პენისთვის იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნის საკითხი მას შემდეგ დააყენეს, რაც ლე პენმა განაცხადა, რომ ის არ აპირებს სასამართლოში ჩვენების მისაცემად გამოცხადებას, ვინაიდან საპარლამენტო იმუნიტეტითაა დაცული“, - აღნიშნავს რადიოსადგური.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, 29 და 30 მარტს, გამომძიებლებმა ევროპარლამენტში მოთხოვნა გააგზავნეს მარინ ლე პენსა და მარი-კრისტინ ბუტონესთვის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე. 

მარინ ლე პენი და მარი-კრისტინ ბუტონე ეჭვმიტანილნი არიან ფიქტიურ დასაქმებაში. გამოძიების მტკიცებით ისინი სახელფასო ანაზღაურებას უხდიდნენ პირებს, რომლებიც გაფორმებული ჰყავდათ როგორც საპარლამენტო თანაშემწეები და რომლებიც, მათი მტკიცებით, თითქმის არასოდეს გამოჩენილან ევროპარლამენტში. 

როგორც France Info აღნიშნავს, ევროპარლამენტი, როგორც წესი, საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე კენჭისყრას პლენარულ სხდომაზე ატარებს და ეს პროცესი რამდენიმე თვე გრძელდება. ეს კი ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც 23 აპრილს გაიმართება. არჩევნების მეორე ტური კი 7 მაისს ჩატარდება.