ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ს, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეასა მოუწოდა, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ს, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეასა მოუწოდა, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ აშშ-ს, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეასა მოუწოდა, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისა და ქმედებებისგან. 

„ბოლო დროს აშშ-ს, სამხრეთ კორეასა და ჩრდილოეთ კორეას შორის დაპირისპირება გამძაფრდა. ეს საშიში სიტუაციაა, რომელიც ჩვენს დიდ ყურადღებას მოითხოვს. ჩინეთი ყველა მხარეს მოუწოდებს, შეწყვიტონ პროვოკაციული განცხადებების გაკეთება, რადგან არ არის საჭირო სიტუაციის კრიტიკულ წერტილამდე მიყვანა“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ თავის ფრანგ კოლეგა ჟან-მარკ ეიროსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. 

ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ თუ ვინმე კვლავ გააჩაღებს ომს კორეის ნახევარკუნძულზე, ისტორიული პასუხისმგებლობა ყველას დაეკისრება. 

ვან ის განცხადებით, ჩინეთი მზად არის ნებისმიერი ფორმატის დიალოგში მიიღოს მონაწილეობა, რათა ეს პრობლემა გადაიჭრას. 

„მთავარია დიალოგი შედგეს, არ აქვს მნიშვნელობა მის ფორმას - იქნება ეს ოფიციალური, არაოფიციალური, ორმხრივი, სამხრივი თუ ოთხმხრივი - ჩვენ ამგვარ დიალოგს მხარს დავუჭერთ“, - დასძინა მან. 

ტელეარხი NBC აშშ-ის სადაზვერვო სტრუქტურებში წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ მზად არის ჩრდილოეთ კორეაზე პრევენციული დარტყმა განახორციელოს თუ დარწმუნებული იქნება, რომ ოფიციალური ფხენიანი ბირთვული იარაღის რიგით მეექვსე ცდას ჩაატარებს.