დარჩენილია საკონსტიტუციო კომისიის ერთი დასკვნითი სხდომა და გაუგებარია ოპოზიციის ამ გადაწყვეტილების არსი

დარჩენილია საკონსტიტუციო კომისიის ერთი დასკვნითი სხდომა და გაუგებარია ოპოზიციის ამ გადაწყვეტილების არსი

ვერ გეტყვით, რომ საკონსტიტუციო კომისიის ლეგიტიმაციის საკითხი ეჭვქვეშ დადგება. ამასთან დაკავშირებით მე მაქვს მყარი პოზიცია, რომ ეს არის ლეგიტიმური ორგანო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა საკონსტიტუციო კომისიიდან ”ნაციონალური მოძრაობის” გასვლის კომენტირებისას განუცხადა. 

მისი თქმით, დარჩენილია ერთი დასკვნითი სხდომა და გაუგებარია ოპოზიციის ამ გადაწყვეტილების არსი. ძიძიგურის განცხადებით, საქართველოს უახლოეს ისტორიაში არ არსებობს ფაქტი, რომ რომელიმე პარტიამ ბოიკოტით რამე მოიგოს. მისივე თქმით, ბოიკოტით პარტიები საკუთარ თავს აყენებენ პროცესებს მიღმა და ეს არის მათი არჩევანი. 

”ერთი დასკვნითი სხდომაა დარჩენილი და მე ვერ ვხვდები ახლა დატოვება რას ნიშნავს?! პროცესებს მიღმა დატოვეს საკუთარი თავი. მათი გადაწყვეტილებაა. საქართველოს უახლოეს ისტორიაში მე არ მინახავს, რომ რომელიმე პარტიამ ბოიკოტით რამე მოიგოს. ბოიკოტით პარტიები საკუთარ თავს აყენებენ პროცესებს მიღმა და ეს არის მათი არჩევანი. ვერ გეტყვით, რომ საკონსტიტუციო კომისიის ლეგიტიმაციის საკითხი დადგება ეჭვქვეშ. ამასთან დაკავშირებით მე მაქვს მყარი პოზიცია, რომ ეს არის ლეგიტიმური ორგანო. მასში წარმოდგენილი სუბიექტების რაოდენობა ძალიან მაღალია. ლეგიტიმაციის თვალსაზრისით არავითარი პრობლემები არ გააჩნია. ხაზი მინდა გავუსვა, რომ პაატა ბურჭულაძის პარტიამაც ისეთი არაგონივრული ნაბიჯები გადადგა წინასაარჩევნოდ, რომ 12%-იანი რეიტინგიდან 3%-მდე ჩამოიყვანა და პარლამენტში ვერ მოხვდა. 
”ნაციონალებმაც” ბევრი იწვალეს, მაგრამ მერე დაიშალნენ. აგრძელებენ პარტიები ასეთ საქმიანობას და მე ვთვლი, რომ ეს არ არის ისეთი საქციელი, რომელიც პარტიას გააძლიერებს.