ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ საკონსტიტუციო კომისიის დატოვებას ეხმაურება და ქმედებას ღიმილის მომგვრელს უწოდებს.
როგორც მამუკა მდინარაძემ თემის კომენტირებისას აღნიშნა, ქმედებები მხოლოდ მორიგი პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობას ემსახურება.
”ღიმილის მომგვრელია მათი მხრიდან კომისიის ახლა დატოვება, როდესაც კომისიამ პრაქტიკულად დაასრულა მუშაობა. გარდა იმისა, რომ მათი ქმედებები მხოლოდ მორიგი პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობას ემსახურება, როგორც ჩანს კომპეტენციასთანაც აქვთ სერიოზული პრობლემები. ეს თუ ასე არ არის, იქნებ ვინმემ ჰკითხოს, რა საკითხი დააყენეს მათ საკონსტიტუციო კომისიის წინაშე და რა არგუმენტები ჰქონდათ ამ საკითხის გასატანად. ამაზე მათ პასუხი ვერ ექნებათ. მათმა მოღვაწეობამ წარსულში მოგვცა დაჩეხილი და ერთ კაცზე მორგებული კონსტიტუცია, ჩვენ კი წლის ბოლომდე გვექნება ქვეყნის ძირითადი კანონი, რომელიც იქნება თავისუფალი ყოველგვარი პერსონალური ინტერესებისგან და გახდება ქვეყნის და დემოკრატიის განვითარების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი”, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
”ნაციონალურმა მოძრაობამ” საკონსტიტუციო კომისია დატოვა, - ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე რომან გოცირიძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, პარტია შეეცადა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა წინგადადგმული ნაბიჯი ყოფილიყო, თუმცა დოკუმენტი, რომელიც მან მოამზადა, ადამიანებს უზღუდავს თავისუფალი არჩევანის უფლებას.