გასული მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ჩვენს ქვეყნებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ჩვენი თანამშრომლობა მჭიდრო და სანდოა, - ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ზიგმარ გაბრიელის წერილშია საუბარი, რომელიც მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებით გამოუგზავნა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზიგმარ გაბრიელმა დადებითად შეაფასა ორ ქვეყნას შორის არსებული ურთიერთობები და განსაკუთრებით აღნიშნა წარმატებული თანამშრომლობა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით.
„ჩვენ ერთობლივად წარმატებით მივაღწიეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლას, რაც არა მარტო საქართველოში რეფორმების შთამბეჭდავად განხორციელებისა და ქვეყნის პოლიტიკური აღმავლობის ნიშანია, არამედ ასევე მოწმობს იმ ფაქტს, რომ გერმანიის მთავრობა საგარეო და მიგრაციის პოლიტიკის თვალსაზრისით მისთვის რთულ პერიოდში საქართველოსთან მიმართებაში თავისი დაპირებების ერთგული რჩება“, - ნათქვამია წერილში.
წერილში აღნიშნულია ასევე ეკონომიკის, განვითარების, განათლების, კულტურის და სამეცნიერო მიმართულებებით მაღალი დონის თანამშრომლობა, რომლის მიზანსაც გერმანიაში საქართველოს ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტურიზმის კუთხით ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს.
ზიგმარ გაბრიელის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის სამაგალითო თანამშრომლობის დასტურია გერმანია-საქართველოს მეგობრობის წელი, რომელიც 26 აპრილს გერმანიაში საზეიმოდ გაიხსნება და მომდევნო 18 თვის განმავლობაში ორივე ქვეყნაში გერმანული და ქართული კულტურის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
საგარეო უწყების ინფორმაციით, წერილის დასასრულ ზიგმარ გაბრიელი საქართველოსა და გერმანიას „სანდო თანამშრომლობის წარმატებულ გაგრძელებას და კიდევ უფრო გაღრმავებას უსურვებს“.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის წერილი მიხეილ ჯანელიძეს საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰაიკე პაიჩმა ოფიციალურად გადასცა.