გიორგი ანდრიაძე - თუ პროკურატურა უახლოეს ხანში ვერ დადებს მამა გიორგი მამალაძის წინააღმდეგ მტკიცებულებებს, გამოდის, რომ მისი განცხადება „საქმე არის შეკერილი“, შეიძლება მართალი იყოს

გიორგი ანდრიაძე - თუ პროკურატურა უახლოეს ხანში ვერ დადებს მამა გიორგი მამალაძის წინააღმდეგ მტკიცებულებებს, გამოდის, რომ მისი განცხადება „საქმე არის შეკერილი“, შეიძლება მართალი იყოს

თუ პროკურატურა უახლოეს ხანში ვერ დადებს და დღემდე ვერ დებს მტკიცებულებებს მამა გიორგი მამალაძის მიერ ციანიდის მოპოვებისა და გადაცემის ფაქტზე, გამოდის, რომ განხორციელებული კამპანიის მთავარი მიზანი ეკლესიის დისკრედიტაცია იყო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმით შეიქმნა ფონი, რის საფუძველზეც საზოგადოებაში ეკლესიის დისკრედიტაციის თემები განვითარდა.

როგორც გიორგი ანდრიაძემ აღნიშნა, ყველაფერი ითქვა, გარდა იმისა, რაზეც დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს.

„თუ პროკურატურა უახლოეს ხანებში ვერ დადებს და დღემდე ვერ დებს მტკიცებულებებს მამა გიორგი მამალაძის მიერ ციანიდის მოპოვებისა და გადაცემის ფაქტზე, დანარჩენი კი ყველაფერი ფარდობითი და სადაოა, ეს შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ მამა გიორგი მამალაძის განცხადება, „საქმე არის შეკერილი“, შეიძლება იყოს მართალი. განხორციელებული კამპანიის მთავარი მიზანი კი ეკლესიის დისკრედიტაცია იყო“, - განაცხადა ანდიაძემ.

მისივე თქმით, მამა გიორგის ადვოკატები უკვე ევროსასამართლოს მიმართავენ და ალბათ, როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, აქაც იგივე პროცესს მივიღებთ.

„დეკანოზი გიორგი თუ გამართლდა, შემდეგ უკვე გასაგებია, რა პროცესები წავა. მისი მხარდამჭერი ეპისკოპოსები გამარჯვებული სახით მოევლინებიან და რევოლუციური პროცესები განვითარდება. თუ დეკანოზი გიორგი მამალაძე მართალია, მაშინ დამნაშავე გამოდის მისი მოწინააღმდეგე მხარე, როგორც ეს მასმედიით წარმოჩნდა - ოფიციალური საპატრიარქო. ფაქტობრივად, ამ პროცესებს, ამ ყველაფერს, აწარმოებს პროკურატურა მთლიანად ან ნაწილობრივ მისი წარმომადგენლები. ნათქვამი ვინმემ მთლიანად ხელისუფლების კრიტიკად რომ არ მიიღოს, მინდა დავაფიქსირო, რომ ეს არ ეხება პრემიერ-მინისტრს - ასეთი პატიოსანი, პატრიოტი პრემიერ-მინისტრი ჯერ საქართველოს არ ჰყოლია. ყველასთვის ცნობილია, საქართველოში დიდი ხანია კოჰაბიტაციური პროცესები მიმდინარეობს. კოჰაბიტაცია ნიშნავს „ნაცმოძრაობის“ ყოფილ მხარდამჭერებს, რომელიც ხელისუფლებამ გულში ჩაიხუტა. ალბათ, ვიღაცების მითითებით“, - აღნიშნა გიორგი ანდრიაძემ.

კითხვაზე: არის თუ არა მღვდელმთავრების გარკვეულ ჯგუფებს შორის დაპირისპირება, ანდრიაძემ განაცხადა, რომ ეკლესიაში არანაირი დაპირისპირება არ არის და პატრიარქის გარშემო მღვდელმთავრები ყოველთვის იყვნენ ერთიანი.

„იყო აზრთა სხვადასხვაობა, იყო სიმპათია ან ანტიპათია, ეს ყველგან არის და იქნება კიდეც, მაგრამ დაპირისპირება და ეკლესიის დისკრედიტაციის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს, ეს არ მოდის შიდა განწყობებიდან, ეს არის გარედან მართული პროცესი. ამან უკვე კატასტროფული ხასიათი მიიღო, მათ შორის საერთაშორისო დონეზე ეკლესიის სახელის დისკრედიტაციიისთვის. დეკანოზმა მამალაძემ აღსარებაც ჩააბარა და ის თავს დამნაშავედ არ ცნობს, ციანიდის მოპოვებისა და გადაცემის ფაქტი დღემდე არ ფიქსირდება. ეს ყველაფერი ძალიან საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ შეიძლება მისი ნაამბობიდან ძალიან დიდი ნაწილი სიმართლე იყოს, გარდა იმ ფაქტისა, რომ ციანიდის შეძენა შორენა თეთრუაშვილა დაავალა“, - განაცხადა ანდრიაძემ.