ალეკო ტაბატაძე - უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით დეპუტატებმა ვერც ერთი კონკრეტული შემთხვევა ვერ დაასახელეს

ალეკო ტაბატაძე - უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით დეპუტატებმა ვერც ერთი კონკრეტული შემთხვევა ვერ დაასახელეს

უკანონო მოსმენებზე დასმულ კითხვაზე ჩემი პასუხი იყო ასეთი - მითხარით ერთი კონკრეტული შემთხვევა, თუმცა მათ ვერ დაასახელეს, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალეკო ტაბატაძემ ჟურნალისტებს პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებული სხდომის შემდეგ განუცხადა, სადაც 2016 წლის ანაგარიში წარადგინა.

როგორც ტაბატაძემ აღნიშნა, მან კითხვებზე კანონმდებლობიდან გამომდინარე ამომწურავი პასუხები გასცა.

”იყო უკანონო მოსმენებზე კითხვა და ამაზე ჩემი პასუხი იყო ასეთი - მითხარით ერთი კონკრეტული შემთხვევა, თუმცა ასეთი ვერ დაასახელეს. რაც შეეხება ”ოდეერებს”, ამასთან დაკავშირებით სრული რეორგანიზაცია გავაკეთეთ. შეიქმნა სრულიად ახალი ინსტიტუტი - უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერი, რომელიც მაღალი რისკის მქონე დაწესებულებებში მიავლენს თავის თანამშრომლებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი ხდება ორმხრივი თანამშრომლობის და ხელშეკრულების საფუძველზე. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთი ოფიცერი დღეს არც ერთ უნივერსიტეტსა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ გვყავს”, - განაცხადა ტაბატაძემ.