რეჯეფ თაიფ ერდოღანი - სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხს რეფერენდუმზე გავიტან. დაე საზოგადოებამ გადაწყვიტოს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხს რეფერენდუმზე გავიტან. დაე საზოგადოებამ გადაწყვიტოს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოსაზრებით, 16 აპრილის რეფერენდუმზე გამოტანილი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემთხვევაში, მთავრობამ უნდა წარადგინოს კანონპროექტი სიკვდილით დასჯის აღდგენის თაობაზე, - იუწყება გამოცემა Hurriyet.

„16 აპრილის შემდეგ, ღმერთის ნებით, კანონპროექტი სიკვდილით დასჯის აღდგენის თაობაზე წარდგენილ უნდა იქნას. თუ პარლამენტი მიიღებს ამ კანონპროექტს, მე მას დავამტკიცებ“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ერზურუმის პროვინციაში გამართულ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას. 
აღსანიშნავია, რომ თურქეთმა სიკვდილით დასჯა 2004 წელს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების პროცესის ფარგლებში გააუქმა.

საჯარო განხილვები სიკვდილით დასჯის აღდგენაზე 2016 წლის 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაიწყო. ერდოღანმა არა ერთხელ განაცხადა, რომ თუ ხალხის ნებაა, რომ სიკვდილით დასჯა აღდგეს, ის ამ ნებას აღასრულებს.

ერზურუმის პროვინციაში გამართულ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხი 16 აპრილის რეფერენდუმზე გადაწყდება“. 

„სიკვდილით დასჯის აღდგენისთვის საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილება, მაგრამ თუ პარლამენტი მას არ დაამტკიცებს, მე საზოგადოებას მივმართავ და ამ საკითხს რეფერენდუმზე გავიტან. დაე საზოგადოებამ გადაწყვიტოს“, - დასძინა ერდოღანმა.