სირიაზე დარტყმა აშშ-მა საერთაშორისო სამართლის დარღვევით განახორციელა, ვინაიდან ქიმიური იარაღის გამოყენების მტკიცებულება არ წარუდგენიათ, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია Мир-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
„სად არის სირიის არმიის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების მტკიცებულებები? ამის მტკიცებულებები არ არსებობს. ხოლო საერთაშორისო სამართლის დარღვევა სახეზეა. ეს აშკარა ფაქტია. გაერო-ს უშიშროების საბჭოს სანქციის გარეშე სუვერენულ ქვეყანაზე დარტმა ხორციელდება. მიუხედავად საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევისა, ყველა თავს უქნევს და მხარს უჭერს ამას“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მისი თქმით, ეს სიტუაცია 2003 წელს ჰგავს, როდესაც შეთხზული საბაბით ავღანეთში შეიყვანეს შეიარაღებული ძალები.
„ასე იყო 2003 წელს, როდესაც აბსოლუტურად შეთხზული საბაბით შეიარაღებული ძალები ავღანეთში შეიყვანეს. ქვეყანა განადგურებულია და სხვათა შორის, ზუსტად ამის შემდეგ დაიწყო ტერორისტული ორგანიზაციების აღმავლობა, შეიქმნა „ისლამური სახელმწიფო“ და სხვა ორგანიზაციები. ეს ყველამ იცის, ყველას ესმის, მაგრამ ისევ იგივეს იმეორებენ“, - დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.