საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან და რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტი რეზოლუციას უახლოეს მომავალში წარადგენს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, რეზოლუციაში ყურადღება გამახვილდება ცხინვალის რეგიონში 9 აპრილს ჩატარებულ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმზე.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რეზოლუციის ტექსტი უკვე მომზადებული აქვს „ევროპულ საქართველოს", რომელსაც ხვალ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოუსმენენ, თუმცა როგორც ჩუგოშვილმა განაცხადა, ოპოზიციის მიერ მომზადებულ დოკუმენტში მოყვანილია ფაქტები, რომელიც რეალობას არ შეესაბამება.
„ცხინვალის ტერიტორიაზე გამართულ რეფერენდუმს და სხვა დესტრუქციულ ნაბიჯებს, რომელიც რუსეთის მხრიდან მომდინარეობს, პარლამენტი შესაბამის აქტს მიუძღვნის. რეზოლუციაში, რაც აქვს „ევროპულ საქართველოს", არის საკითხები, რასაც არ ვეთანხმებით. პირველ რიგში არ ვეთანხმებით იმას, თითქოს აღმასრულებელი ხელისუფლება აკლებს საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზებას. ეს არის ტყუილი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოახერხა საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება იმაზე მეტად, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ახერხებდა.
ვფიქრობ, პარლამენტი მიიღებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით ჩვენს დოკუმენტს, რომელიც იქნება რეალობის ამსახველი და სწორი აქცენტებით გაკეთებული", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.