თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ანგარიშის დასრულების შემდეგ, საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს მისი მისამართით გაკეთებულ ბრალდებებსა და განცხადებებზე უპასუხა. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” დედაქალაქის მერიიდან აცნობეს.
,,მე კარგად მესმის, რომ ტყუილს და სიცრუეს ამოფარება საკუთარი უნიათობის გადასაფარად კარგად ნაცადი, მარტივი ხერხია. კარგად მესმის ისიც, რომ მხოლოდ და მხოლოდ სიტყვების სროლა ძალიან იოლია. თქვენთვის ტრიბუნა და ღია სივრცე აქ, ამ ისტორიულ შენობაში არავის დაუთმია იმისათვის, რომ ისაუბროთ ძალიან ცოტა სიმართლე და ბევრი ტყუილი უთხრათ საზოგადოებას. თქვენ ხართ აქ იმისთვის, რომ იყოთ საზოგადოების ინტერესების გამტარებელი და რეალურად იფიქროთ იმაზე, თუ რა სჭირდება ქალაქს, აკეთოთ საქმე! თბილისს არ უყვარს მატყუარა ადამიანები და ჩვენმა თანამოქალაქეებმა დიდი ხნის წინ უთხრეს უარი სიცრუესა და ტყუილს! ფსევდო-კეთილმოსურნეები ჩვენს ქალაქს ვერც რაიმეს შემატებენ და ვერც რაიმეს დააკლებენ, ასე რომ, გირჩევთ, მოეშვათ ამ უსარგებლო შრომას და დაკავდეთ რეალური საქმით“, - განაცხადა თბილისის მერმა.