საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ზვიად კვაჭანტირაძესა და საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელს, ილიანა დერილოვას შორის მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს ოფისში შეხვედრა გაიმართა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, მხარეებმა ევროკავშირის/შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობასა და ევროპული ინტეგრაციის პროცესში საქართველოს წარმატებებზე ისაუბრეს.
შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს საზღვარგარეთ არსებული ქართული დიასპორის მნიშვნელობაზე, საქართველოს მდგრადი განვითარების საქმეში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ჩართულობის და შესაბამისი მექანიზმების შექმნის აუცილებლობაზე.
”შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი არის მნიშვნელოვანი პლატფორმა დიასპორისა და მიგრაციის აქტუალური საკითხების განსახილველად და შესაბამისი რეკომენდაციების მოსამზადებლად. აღნიშნულ გარემოებას ამყარებს, კომიტეტთან ახლად შექმნილი სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ფუნქციონირების დაწყება”, - აცხადებენ საქართველოს პარლამენტში.
მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ერთობლივი პროექტების წარმატებით განხორციელების იმედი გამოთქვეს და მომავალი, აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის პროგრამების ადგილობრივი ხელმძღვანელი ნათია კვიციანი და საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მდივანი ზაალ სარაჯიშვილი.