პოლიტიკური გაერთიანება ”თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარის შალვა შავგულიძის შეფასებით, საქართველოს კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემის მიმართულებით მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებული ცვლილებები სახელისუფლებო პარტიას დაუმსახურებელ ბონუსს აძლევს და ამომრჩევლის მიმართ არაკეთილსინდისიერ მიდგომას ავლენს.
როგორც შავგულიძე განმარტავს ”ქართული ოცნების” წარმომადგენელთა პრინციპული პოზიციაა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა მოხდეს იმ პირობით, როცა ე.წ. გადაუნაწილებელ მანდატებს მთლიანად პირველ ადგილზე გასული პარტია წაიღებს. მისივე თქმით, ”ქართული ოცნება” კვლავ ძალაში ტოვებს 5%-იან საარჩევნო ბარიერს და არ იცვლის პოზიციას საარჩევნო ბლოკების შექმნის აკრძალვასთან დაკავშირებით. შავგულიძის თქმით, შეთავაზებული ცვლილებებით საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით არაფერი იცვლება და წარმოდგენილ ცვლილებაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციურმა პატრიებმა არ უნდა აიღონ.
შალვა შავგულიძემ დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ თუკი არაფერი შეიცვლება, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობის დატოვებას არ გამორიცხავს.