თუკი კონსტიტუციაში გაქრება ჩანაწერი, რომლის მიხედვით პარლამენტის ადგილსამყოფელად მითითებულია ქალაქი ქუთაისი, ეს ავტომატურად პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოსვლას არ ნიშნავს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პარლამენტის ვიცე სპიკერმა, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრმა ზვიად ძიძიგურმა განუცხადა.
მან აქვე ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ქვეყანას ორ სხავადსხვა ქალაქში განთავსებული პარლამენტი არ სჭირდება.
”ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს არის ძალიან მძიმე ფინანსური ტვირთი. არჩევნების წინა პერიოდში მმართველმა გუნდმა დააფიქსირა პოზიცია, რომ ის არ განიხილავს ქუთაისიდან სასწრაფო წესით გადმოსვლის საკითხს. საკონსტიტუციო კომისიის წევრები აფიქსირებენ პოზიციას, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელის კონსტიტუციით განსაზღვრა საერთოდ არ არის საჭირო. კონსტიტუციაში არც ერთი ქალაქი არ უნდა იყოს მითითებული. ამასთან, თუკი კონსტიტუციაში გაქრება ჩანაწერი, რომლის მიხედვით პარლამენტის ადგილსამყოფელად ქუთაისი მითითებული აღარ იქნება, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში გადმოვა. ამაზე გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი მიიღებს”, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ზვიად ძიძიგურმა.
პარლამენტის ადგილსამყოფელი კონსტიტუციით განსაზღვრული აღარ იქნება. საქართველოს კონსტიტუციაში არსებულ ჩანაწერს, რომლის მიხედვით, პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი, კონსტიტუციიდან იღებენ.
„დღევანდელ შეხვედრაზე აღნიშნული საკითხი კიდევ ერთხელ გავიარეთ. უმეტესობის აზრი იყო, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელად ჩაწერილიყო ქალაქი თბილისი ან საერთოდ არაფერი და აღნიშნული საკითხი პარლამენტის რეგლამენტით მოწესრიგებულიყო. საერთო სულისკვეთება არის ასეთი რომ, პარლამენტის ადგილმდებარეობის შესახებ ჩანაწერი კონსტიტუციიდან საერთოდ იყოს ამოღებული და არც ერთი ქალაქი არ იყოს ნახსენები, ისე როგორც არაფერია კონსტიტუციაში ნათქვამი პრეზიდენტის ადგილსამყოფელსა და მთავრობის ადგილსამყოფელზე. ამ აზრს მოწინააღმდეგე არ ჰყოლია. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საკითხი მხოლოდ ფორმალურ გადაწყვეტას საჭიროებს, არსებითად კი გადაწყვეტილია“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა.