ლევან ბერძენიშვილი - ეს არის კონსტიტუციის მიჭრა-მოჭრა, რომლის მიზანია, ბიძინა ივანიშვილი იყოს საქართველოს დირექტორი მანამ, სანამ ცოცხალია

ლევან ბერძენიშვილი - ეს არის კონსტიტუციის მიჭრა-მოჭრა, რომლის მიზანია, ბიძინა ივანიშვილი იყოს საქართველოს დირექტორი მანამ, სანამ ცოცხალია

”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს უწოდებს მოყვარულთა ნამუშევარს, რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს კონსტიტუციასთან. 
როგორც ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” ბერძენიშვილმა განაცხადა, მმართველი გუნდი ცდილობს კონსტიტუციის დამახინჯებას და ამ გზით ხელისუფლების შენარჩუნებას. 

”აშშ-ის კონგრესში არ ზის იმდენი მილიონერი, რამდენიც საქართველოს პარლამენტში, მაშინ, როდესაც კონსტიტუციაში წერია, რომ ისინი სოციალურ სახელმწიფოს აშენებენ. ეს ძალიან სასაცილოა. ეს არის თავის აგდება, ეს არ არის კომისიის ნამუშევარი, ეს არის მოყვარულთა ნამუშევარი, რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს კონსტიტუციასთან. მე არ ვარ იურისტი და არ ვიტყვი უფრო მკაცრ სიტყვებს, მაგრამ ფილოლოგისთვისაც გასაგებია, რომ ეს არის ზერელე ნამუშევარი, ეს არის კონსტიტუციის მიჭრა-მოჭრა. ამის მიზანია, ხელისუფლება არ გაუშვას ხელიდან, რომ ბიძინა ივანიშვილი იყოს საქართველოს დირექტორი მანამ, სანამ ცოცხალია”, - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.

”რესპუბლიკური პარტიის” წევრი პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესსაც გამოეხმაურა. როგორც ბერძენიშვლმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტის არჩევა არაპირდაპირ მოხდება, გარანტირებული უნდა იყოს, რომ საქართველოს პარლამენტი და ადგილობრივი თვითმმართველი ორგანო მრავალპარტიული მანდატებით დაკომპლექტდება. 

”პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევა ხდება იმ ქვეყნებში, სადაც გარანტირებულია, რომ პარლამენტიც და საკრებულოებიც მრავალპარტიულია. გარანტირებული უნდა იყოს მრავალპარტიულობა. დღეს ქვეყნა იღებს ისედაც გადაწყვეტილებებს, რომელიც არის ერთპარტიული. თეორიულად, გამორიცხული არ არის, რომ საქართველოს პარლამენტში მოხვდეს მარტო ერთი პარტია. ასეთი კონსტიტუცია რა თქმა უნდა მოსაწონი არ არის, თეორიულადაც არ უნდა არსებობდეს. წარმოიდგინეთ, რომ ერთმა პარტიამ მიიღო 40% და სხვა ვერც ერთმა პარტიამ ვერ გადალახა 5%-იანი ბარიერი - გამარჯვებულ პარტიას ეკუთვნის ყველა გაუნაწილებელი ხმა და ამ შემთხვევაში არ არის სწორი ასეთ პარლამენტს ან სხვა ორგანოებს მიეცეს ხალხის უფლების წაღება. ეს არ არის პრეზიდენტის არჩევა, ეს არის პრეზიდენტის დანიშვნა და ნიშნავს, რომ ყველა შტო იქნება ერთი კაცის დანიშნული”, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.