არათუ მორიგება უნდა მომხდარიყო უჩა ძოძუაშვილთან, არამედ პროკურატურას უნდა შეესწავლა მისი საქმიანობა

არათუ მორიგება უნდა მომხდარიყო უჩა ძოძუაშვილთან, არამედ პროკურატურას უნდა შეესწავლა მისი საქმიანობა

არათუ მორიგება უნდა მომხდარიყო უჩა ძოძუაშვილთან, არამედ პროკურატურას უნდა შეესწავლა მისი საქმიანობა სწორედ გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”დელტას” ხელმძღვანელის თანამდებობაზე უჩა ძოძუაშვილის აღდგენასთან დაკავშირებით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა განუცხადა. 

მისი თქმით, დღევანდელმა ხელმძღვანელობამ მასთან მორიგება გადაწყვიტა - ეს მინისტრის საქმეა, თუმცა ეს არ აბათილებს გენინსპექციის მიერ დადგენილ დარღვევებს.

”სანამ თავდაცვის სამინისტროს პოზიცია არ გვეცოდინება ჩემი პოზიცია ზუსტად იგივეა რაც მაშინ იყო, რატომაც გავათავისუფლე და რა მიზეზითაც. მოკვლევა მიმდინარეობდა, არსებობს გენერალური ინსპექციის დასკვნა მის საქმიანობაზე, მთავარი კითხვა არის - დღეს ის დასკვნა უარყოფილია თუ არა? ჩემი აზრით არათუ მორიგება უნდა მომხდარიყო მასთან, არამედ პროკურატურას უნდა შეესწავლა მისი საქმიანობა სწორედ გენინსპექციის დასკვნის საფუძველზე. დღევანდელმა ხელმძღვანელობამ მასთან მორიგება გადაწყვიტა - ეს მინისტრის საქმეა, თუმცა ეს არ აბათილებს გენ ინსპექციის მიერ დადგენილ დარღვევებს. წარადგინა თუ არა სასამართლოში ეს დასკვნა სამინისტრომ, ეს არის მთავარი კითხვა. თუ არა - რატომ? იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბატონ ძოძუაშვილს მანამდე გაურიგდნენ, სანამ რეალურად გადაწყვტილება იქნებოდა, თუკი გენინსპექციის მასალები არ ყოფილა წარდგენილი ან უფრო მეტიც, პროკურატურაში გადაგზავნილი. სანამ ამ მთავარ კითხვაზე არ არის პასუხი, მანამდე ეს უბრალოდ გარიგებაა ადამიანთან, რომელსაც მფარველი ჰყავს და, შესაბამისად, ვერ გაუბედეს”, - განაცხადა ხიდაშელმა. 

„დელტას“ ხელმძღვანელის თანამდებობაზე უჩა ძოძუაშვილის აღდგენა თავდაცვის სამინისტროსა და ძოძუაშვილს შორის მორიგების აქტის საფუძველზე განხორციელდა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მორიგების აქტი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიმდინარე წლის 17 მარტს დაამტკიცა. 

მორიგების აქტის თანახმად, მოპასუხე მხარემ იკისრა ვალდებულება აღადგინოს მოსარჩელე უჩა ძოძუაშვილი სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის „დელტა“-ს გენერალური დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე, ხოლო უჩა ძოძუაშვილმა, თავის მხრივ, უარი თქვა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სასარჩელო მოთხოვნაზე. 

ცნობისათვის, უჩა ძოძუაშვილი სასარჩელო მოთხოვნით „დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 18 მაისის ბრძანების ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა.