საკონსტიტუციო კომისია მუშაობას ასრულებს

საკონსტიტუციო კომისია მუშაობას ასრულებს

საკონსტიტუციო კომისია მიმდინარე კვირას მუშაობას დაასრულებს. დღეიდან კომისიის სამუშაო ჯგუფები მესამე, დასკვნითი რაუნდის სხდომებს მართავენ. 

დღეს დილიდან სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა იმართება, ხვალ კი საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის და საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის გაერთიანებული სხდომაა დანიშნული. 
კომისიის წევრები განიხილავენ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კორექტირებულ ვერსიას, რომელიც მმართველმა გუნდმა ამ დრომდე კომისიის ფარგლებში გაწეული მუშაობის შედეგად შეიმუშავა, თუმცა დოკუმენტში ცვლილებები ეტაპობრივად შედის.

საყურადღებოა, რომ ამ დროისთვის არსებული პროექტით, დღის წესრიგიდან მოიხსნა პარლამენტის თბილისში გადმოტანის საკითხი და პარლამენტის ადგილსამყოფელად კვლავ ქალაქი ქუთაისი რჩება, ხოლო „პარლამენტის ადგილსამყოფლის დროებით შეცვლა სხდომის ან სესიის მოწვევის მიზნით დასაშვებია მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს“.

ამასთან, პარლამენტი დაკომპლექტდება პროპორციული სისტემით არჩეული 150 დეპუტატისგან. საარჩევნო ბარიერი კი 5%-ით განისაზღვრება. პარლამენტის წევრად კი შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 10 წელი მაინც. 

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი, სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში. პრეზიდენტს 5 წლის ვადით, დებატების გარეშე ფარული კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომელშიც, თავის მხრივ, შედის 300 წევრი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელი მაინც და არჩევნების დანიშვნის დღეს ცხოვრობს საქართველოში. პრეზიდენტს აღარ ექნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენის უფლებამოსილება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს პარლამენტი. 

საომარი და საგანგებო მოქმედების გამოცხადება, ისევე როგორც სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება კი, პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით შეეძლება. საომარი მდგომარეობის დროს კონსტიტუციური ორგანოების საერთო კოორდინაციის მიზნით იქმნება ეროვნული თავდაცვის საბჭო, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი უხელმძღვანელებს. 

პროექტის თანახმად, კონსტიტუციაში განისაღვრება ქორწინების ცნება, როგორც „ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას“.

კონსტიტუციაში რჩება ე.წ. ეკონომიკური თავისუფლების აქტი, რომლის მიხედვითაც გადასახადის ახალი სახის შემოღება, გარდა აქციზისა, ან საერთოსახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა, შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით, გარდა ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.