თამარ ჩუგოშვილი:  საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის 95% შეთანხმებულია

თამარ ჩუგოშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის 95% შეთანხმებულია

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის 95% შეთანხმებულია. როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე საკითხი, რომელზეც ჯერ კიდევ არსებობს განსხვავებული მოსაზრებები კომისიის შიგნით.

„კონსტიტუციის ტექსტის ძალიან დიდ ნაწილზე არის სრული შეთანხმება, არის რამდენიმე მუხლი, რომელზეც ჯერ კიდევ გრძელდება დისკუსიები. დიდი ნაწილი დოკუმენტის, ალბათ, 95% ტექსტისა, არის სრულიად შეთანხმებული“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც პროექტით არის გათვალისწინებული, შერეულიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა. 

„ეს აბსოლუტურად ყველა პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ შედარებით წვრილმან ტექნიკურ საკითხებზე დისკუსია გრძელდება, იგივე, მაგალითად ბარიერის და გაუნაწილებელი მანდატების საკითხზე, მაგრამ ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც საარჩევნო სისტემას შეეხება, ყველას მხრიდან მიღებულია და იმედი მაქვს, რომ ოპოზიციური პარტიები მხარს დაუჭერენ მას კენჭისყრის დროს“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

რაც შეეხება ბლოკების გაუქმებასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას, პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, მნიშვნელოვანია მოვისმინოთ საერთაშორისო ექსპერტებისა და ვენეციის კომისიის მოსაზრება აღნიშნულ საკითხზე.

„ამ მიმართულებით არ ველოდებით შენიშვნებს. ინდივიდუალური პრეტენზიები თუ არის, სხვა თემაა, მაგრამ უნდ გამოვდიოდეთ იქიდან, რა არის სწორი და რა არ არის სწორი ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

დეპუტატი იმეოდვნებს, რომ საკონსტიტუციო კომისიის წევრები კონსტუქციული თანამშორმლობის რეჟიმს შეინარჩუნებენ.

„ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა გვაქვს და ფორმალურად ყველანაირი კონსულტაციების გარეშე შეგვეძლო ცვლილებების გატანა, მაგრამ არ გაგვიკეთებია ეს და თვეებია, ძალიან აქტიური კონსულტაციების რეჟიმში ვართ იმიტომ, რომ გვინდა, ეს დოკუმენტი იყოს მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი. ამიტომ თუ პრეტენზია პრეტენზიისთვის არ იქნება და იმ საკითხებზე, რაზეც ჯერ კიდევ არის წინააღმდეგობები, შეთანხმებისკენ ვიქნებით მიმართული, ქვეყნისთვის იქნება ძალიან კარგი“, - დასძინა თამარ ჩუგოშვილმა.