ბოლო პერიოდში ძალიან გამოკვეთილი ტენდენციის სახე მიიღო ყველაფრის პრეზიდენტზე გადაბრალებამ

ბოლო პერიოდში ძალიან გამოკვეთილი ტენდენციის სახე მიიღო ყველაფრის პრეზიდენტზე გადაბრალებამ

ბუნებაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ უნარი დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები და არა აუცილებლად ვინმეს კარნახით, - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს, რომლის ინფორმაციითაც, პრეზიდენტი არასამთავრობო სექტორსა და პოლიტიკურ პარტიებთან საკონსტიტუციო კომისიის დატოვების თაობაზე კონსულტაციებს მართავს. 

როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, პოლიტიკურ თვითიზოლაციას ახასიათებს შეთქმულების თეორიებისადმი მიდრეკილება. 

„როდესაც ხდება წყვეტა საზოგადოებასთან კომუნიკაციის, ხდება ჩაკეტვა ვიწრო წრეში და სივრცეში, ამ დროს აქვს ადგილი სხვადასხვა კონსპირაციებს და ეჭვიანობებს. ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან გამოკვეთილი ტენდენციის სახე მიიღო ყველაფრის საქართველოს პრეზიდენტზე გადაბრალებამ. მინდა ყველას შევახსენო, რომ ბუნებაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ უნარი დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები და არა აუცილებლად ვინმეს კარნახით. ასეთი ადამიანები არიან პოლიტიკაშიც, არასამთავრობო სექტორშიც, ექსპერტებშიც და ა.შ“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. 

მისივე თქმით, სამი წლის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტი და მისი გუნდი არასამთავრობო სექტორთან, პოლიტიკურ პარტიებსა და სხვადასხვა ჯგუფთან ღია კონსულტაციებს აწარმოებდნენ სხვადასხვა თემაზე. 

„პრეზიდენტი და მისი გუნდი ღიად აწარმოებდა კონსულტაციებს ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით, „მოსმენების კანონთან“ დაკავშირებით და საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით, ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებით, კონფლიქტებთან დაკავშირებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, თუმცა ექსპერტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებთან ეს იყო ღია კონსულტაციები თემატურ საკითხებზე და არა კონსპირაციები“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.