ვიქტორ დოლიძე - ეს არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტის მიერ ჩატარებული რაღაც ცირკი, რასაც საერთო რეფერენდუმთან და არჩევნებთან არ აქვს

ვიქტორ დოლიძე - ეს არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტის მიერ ჩატარებული რაღაც ცირკი, რასაც საერთო რეფერენდუმთან და არჩევნებთან არ აქვს

ეს არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტის მიერ ჩატარებული ერთგვარი ცირკი, ამიტომ მას არავითარი საერთო რეფერენდუმსა და არჩევნებთან არ აქვს, - ასე გამოეხმაურა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში“ ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და „რეფერენდუმს“. 

როგორც ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, არავითარი საერთო ამ „რეფერენდუმს“ და „არჩევნებს“ არ აქვს საერთაშორისო სამართალთან, რადგან ჩვენი თანამოქალაქეების, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გამოდევნილია, როგორც ცხინვალის რეგიონიდან, ასევე აფაზეთიდან და ეს ტერიტორიები არის ოკუპირებული. 

„ვფიქრობ, ამას რაღაც ბევრი ცოდნა არ სჭირდება და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების ზედმიწევნით დაზუთხვა თუ რაზეა საუბარი. ეს არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტის მიერ ჩატარებული რაღაც ერთგვარი ცირკსაც დავარქმევდი მე, ამიტომ ამას არავითარი საერთო რეფერენდუმთან და არჩევნებთან არ აქვს. ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ, უპირველეს ყოვლისა, ამ ხალხს და შემდგომ ტერიტორიებს, მაგრამ ეს მოხდება მშვიდობიანი, ეკონომიკური, რეინტეგრაციული გზით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. 

ე.წ. სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამას მოწმობს ეგზითპოლის მონაცემები, რომელიც ავტონომიურმა არაკომერციულმა ორგანიზაცია „სოციოლოგიური ანალიზის აკადემიამ“ ჩაატარა. 

მათი მონაცემების მიხედვით, მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა არჩევნებში მონაწილეთა ხმების 45,8 % მიღო, ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარემ ანატოლი ბიბილოვმა - 36,9 %, ე.წ. სახლმწიფო უშიშროების კომიტეტის თანამშრომელმა ალან გაგლოევმა - 16,8 %. 


რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის სახელის გადარქმევის შესახებ რეფერენდუმს, ეგზითპოლის თანახმად, „რესპუბლიკისთვის“ ალანიის დარქმევის მომხრე 81,5 %-ია, წინააღმდეგი კი 18,5 %.