აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში წარდგენილ რეზოლუციაში რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციაზეა საუბარი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში წარდგენილ რეზოლუციაში რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციაზეა საუბარი

აშშ-ის კონგრესმენებმა სტივ კოენმა (დემოკრატი) და ჯონ შიმკუსმა (რესპუბლიკელი) 6 აპრილს, წარმომადგენელთა პალატაში ნატო-სა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია წარადგინეს. 

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული რეზოლუცია აღიარებს, ნატო-ს როლს, როგორც აშშ-სა და ევროპას შორის უსაფრთხოების კუთხით ყველაზე მნიშვნელოვან და კრიტიკულ დამაკავშირებელ რგოლს. ამასთანავე, რეზოლუცია კიდევ ერთხელ აღიარებს აშშ-ის სრულ მხარდაჭერას ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიული განვითარების მიმართ. ის მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის დემოკრატიულ მისწრაფებებს.

მათივე ინფორმაციით, რეზოლუციაში ასევე ხაზგასმულია რუსეთის აგრესიული ქმედებები ნატო-ს წევრი და მისი პარტნიორი ქვეყნების მიმართ, მათ შორის, აღნიშნულია რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციაც.

ამასთანავე, ტექსტში აღნიშნულია, რომ აუცილებელია, აშშ-მ გაზარდოს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიმართ მხარდაჭერა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და თავდაცვის სფეროებში.

აღსანიშნავია, რომ ორპარტიული რეზოლუცია მოუწოდებს ნატო-ს შეინარჩუნოს „ღია კარის“ პოლიტიკა იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც აკმაყოფილებენ წევრობისთვის აუცილებელ ყველა მოთხოვნას. რეზოლუციაში ხაზგასმულია ასევე ნატო-ს მიერ პარტნიორი ქვეყნებისთვის გაზრდილი მხარდაჭერის, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობა.

გარდა ამისა, რეზოლუციაში ასახულია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-ს პარტნიორი ქვეყნების განსაკუთრებული წვლილი გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, მათ შორის ავღანეთსა და ერაყში.