გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, მაიკლ ფელონმა, სირიაში, იდლიბის პროვინციაში, მომხდარ ქიმიურ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. Sunday Times-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში მინისტრმა განმარტა, რომ რუსეთს ეკისრება ირიბი პასუხისმგებლობა, როგორც ასადის რეჟიმის მთავარ დამფინანსებელს.
საფრანგეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მშვიდობიან მოსახლეობაზე ქიმიურ თავდასხმაში დამასკო დაადანაშაულეს. ოპოზიციური ძალების განმარტებით, თავდასხმა სირიის სამხედრო თვითმფრინავებმა ან რუსულმა ავიაციამ განახორციელა.
შემთხვევის შემდეგ ოფიციალურმა მოსკოვმა გამოთქვა ვარაუდი, რომ სირიის სახელისუფლებო ძალებმა ამბოხებულების ქიმიური იარაღის საცავები დაბომბეს. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა მომხდარს ბარბაროსული, ამორალური და უკანონო ქმედება უწოდა და განმარტა, რომ რუსეთს ამ ხნის განმავლობაში ბევრჯერ ჰქონდა ომის დასრულების შესაძლებლობა, ახლა კი ვალდებულია, სიმტკიცე გამოიჩინოს და ასადის რეჟიმის უკანონო ქმედებები დაასრულოს.
მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების საპასუხო რეაქცია დადებითად შეაფასა და განმარტა, რომ ეს პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან ცალსახა შეტყობინება იყო. მაიკლ ფელონი მიიჩნევს, რომ კონფლიქტის დასრულების პროცესში სირიის ამჟამინდელ ლიდერს არანაირი პოლიტიკური სტატუსი არ უნდა შეუნარჩუნდეს. „ადამიანს, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებს, სირიის მართვის უფლება არ აქვს“, - დაწერა ფელონმა.