ასადს ეგონა პასუხს არავინ მოსთხოვდა, რადგან ზურგს რუსეთი უმაგრებს - ეს მოცემულობა გუშინ შეიცვალა

ასადს ეგონა პასუხს არავინ მოსთხოვდა, რადგან ზურგს რუსეთი უმაგრებს - ეს მოცემულობა გუშინ შეიცვალა

აშშ მზად არის უფრო მეტი გააკეთოს, - განაცხადა გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, ნიკი ჰეილიმ სირიის საკითხზე გამართულ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. 

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა აშშ-ის მიერ სირიაში სამხედრო ობიექტის დაბომბვასთან დაკავშირებით გაიმართა. 

„აშშ-მ მოზომილი ნაბიჯი გადადგა. ჩვენ მზად ვართ უფრო მეტი გავაკეთოთ, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ეს საჭირო არ გახდება. დროა, ცივილიზებულმა სახელმწიფოებმა შეაჩერონ ის საშინელება, რაც სირიაში ხდება და მოვითხოვოთ პრობლემის პოლიტიკური გადაჭრა“, - განაცხადა გაერო-ში აშშ-ის ელჩმა. 

ნიკი ჰეილიმ ასევე რუსეთის ხელისუფლება გააკრიტიკა.

„ყოველ ჯერზე, როდესაც ასადის რეჟიმი წესიერების ხაზს კვეთდა, რუსეთი მას გვერდზე ედგა“, - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა. 

მისი თქმით, რუსეთს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აკისრის ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე.

„ასადმა ეს იმიტომ ჩაიდინა, რომ ეგონა პასუხს არავინ მოსთხოვდა. ვინაიდან იცის, რომ ზურგს რუსეთი უმაგრებს. ეს მოცემულობა გუშინ ღამე შეიცვალა“, - დასძინა ნიკი ჰეილიმ.