მამა კახაბერი და მამა რევაზი მზად არიან, ე.წ. მატროსოვის ციხეში შევიდნენ და დეკანოზი გიორგი მამალაძე აზიარონ

მამა კახაბერი და მამა რევაზი მზად არიან, ე.წ. მატროსოვის ციხეში შევიდნენ და დეკანოზი გიორგი მამალაძე აზიარონ

მამა კახაბერ გოგოტიშვილი და მამა რევაზ სიხარულიძე მზად არიან, საპატრიარქოს მხრიდან შესაბამისი ნებართვის შემთხვევაში, დეკანოზი გიორგი მამალაძე აზიარონ. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ორივე სასულიერო პირმა, მამა გიორგი მამალაძის მოთხოვნის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც მამა კახაბერ გოგოტიშვილმა აღნიშნა, მას უკვე დაუკავშირდა დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი და აცნობა, რომ მამა გიორგი მამალაძემ ციხეში მისი შესვლა მოითხოვა. 

”როგორც დამავალებენ საპატრიარქოდან, ისე მოვიქცევი და გავაკეთებ. თუ მეტყვიან, შედი და აზიარე, შევალ და ვაზიარებ. ლოცვა-კურთხევის გარეშე, ჩემით როგორ ვიმოქმედებ?! მამა გიორგი ორ მღვდელს გვიცნობს თბილისში - მე და მამა რევაზს. ის მსახურობდა აჭარის ეპარქიაში და ასეთი რამ ითხოვა: ან იქიდან თუ გამოგზავნის ვინმეს მეუფე და მაზაიარებს ან თბილისში ვიცნობ მხოლოდ ორ მღვდელს, მამა კახაბერს, როგორც საპატრიარქოს თანამშრომელს და მამა რევაზს. ამ კუთხით ითხოვა ჩვენი შესვლა, რომ მასთან გვაკავშირებს ნაცნობობა”, - განაცხადა მამა კახაბერ გოგოტიშვილმა. 

მისივე თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის მოთხოვნას საპატრიარქოს მამა გიორგი თევდორაშვილი გააცნობს, რის შემდეგაც მიღებული იქნება გადაწყვეტილება, შევა თუ არა დასახელებული ორი სასულიერო პირიდან რომელიმე მამა გიორგი მამალაძის საზიარებლად ციხეში.

თავის მხრივ, დეკანოზის ზიარებისთვის მზადაა მამა რევაზი სიხარულიძე, თუმცა ისიც საპატრიარქოდან კურთხევას ელოდება. 

„მე არ ვიცოდი ამის შესახებ. პირველად გავიგე თქვენგან. მე მისი მოძღვარი არ ვარ. ვერ გეტყვით, რატომ დამასახელა. ამ საკითხზე ჯერ სხვა არავინ დამკავშირვებია და თუ მეტყვიან საპატრიარქოდან, რა თქმა უნდა, მივალ და ვაზიარებ. როდესაც საპატრიარქო საბოლოო შედეგს ელოდება, ჩემი ინიციატივით ნამდვილად ვერ მივალ საზიარებლად. თუ მაკურთხებენ, დიდი სიამოვნებით ვაზიარებ“, - განაცხადა მამა რევაზმა.

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულმა დეკანოზ გიორგი თევდორაშვილთან შეხვედრისას, ზიარების მიღება მოითხოვა და სასულიერო პირებს შორის, ვისაც შეუძლია, ე.წ. მატროსოვის ციხეში შესვლა და მისი ზიარება, სწორედ მამა კახაბერი და მამა რევაზი დაასახელა.