პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პარტიებთან კონსულტაციებს მართავს, რომ მათ საკონსტიტუციო კომისია დატოვონ

პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პარტიებთან კონსულტაციებს მართავს, რომ მათ საკონსტიტუციო კომისია დატოვონ

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პარტიებთან კონსულტაციებს მართავს, რათა მათ საკონსტიტუციო კომისია დატოვონ.

ამის შესახებ კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება მოისმინეს.

„სამწუხაროდ, პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია აწარმოებენ ღია კამპანიას საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ. უფრო მეტიც, მე დაახლოებით 1 კვირის წინ მომაწოდეს სარწმუნო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კონსულტაციები იმართება ცალკეულ არასამთავრობო ოგრანიზაციებთან და პარტიებთან პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ მათ დატოვონ კომისიის რიგები. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაცია და იმედია, რომ ასეთ შედეგს ჩვენ არ ვიხილავთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.