”ქართული ოცნების” ხელისუფლება კვაზი-რეფორმების გატარებით არის დაკავებული

”ქართული ოცნების” ხელისუფლება კვაზი-რეფორმების გატარებით არის დაკავებული

პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერის სერგი კაპანაძის შეფასებით, ”ქართული ოცნების” ხელისუფლება კვაზი-რეფორმების გატარებით არის დაკავებული. ამის შესახებ კაპანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა და ყურადღება ფინანსურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე გაამახვილა.

”რეალობა არის ასეთი: მას შემდეგ, რაც თქვენ მოხვედით ხელისუფლებაში, ლარი გაუფასურდა და ეს ყველა მოქალაქის ჯიბეზე აისახა. თქვენი მმართველობის შედეგი არის ის, რომ გაძვირდა ცხოვრება, გაძვირდა ფასი ყველა პროდუქტზე. თქვენი მმართველობის შედეგია, რომ თვენს მიერ გატარებულმა კვაზი-რეფორმებმა გააძვირა მაგალითად, ტრანსპოტზე ფასი. შედეგია ის, რომ გაზრდილია ინფლაცია. საუბრობთ ციფრებზე, რომელიც სათქვენოდ აღიქვით. ბოლო თვის ინფლაციის ციფრები არ იცით? - გადააჭარბა დეკლარირებულ მაჩვენებლს და 5%-ს აცდა. მოსალოცად გაქვთ საქმე, რომ თქვენს მიერ აღებულმა ვალმა შევარდნაძისდროინდელ ვალს მიაღწია. ამ დროს, 2012 წელს პოპულისტობდით და ჩვენ გვაბრალებდით, რომ ვალი ავიღეთ. რეალურად თქვენ აიღეთ ისეთი ვალი, რომლის მსგავსი საქართველოს ისტორიაში არც ერთ ხელისუფლებას არ ჰქონია. თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც პირდაპირ დაადეკლარირა, რომ პენსია არ გაიზრდება. პენსიის გაზრდას არ აპირებთ იმიტომ, რომ ფული არ გყოფნით. ფული იმიტომ არ გყოფნით, რომ მიგაქვთ ბიუროკრატიულ ხარჯებში და ჯიბეებში - პენსიებისა და პრემიების სახით”, - მიმართა კაპანაძემ ”ქართული ოცნების” წევრებს.

მან სიტყვით გამოსვლისას ყურადღება იმ საგადასახადო ინიციტივებზეც გაამახვილა, რომელიც ”ევროპულმა საქართველომ” ხელისუფლებას საკანონმდებლო ინიციატივების სახით შესთავაზა და ”ქართულ ოცნებას” მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.