თავი მოგაქვთ და ამბობთ, რომ მნიშვნელოვანია საპარლამენტო დემოკრატია გვქონდეს - მსოფლიოში ერთი საპარლამენტო დემოკრატია გვითხარით, სადაც მთავრობის მონაწილოებით არც ერთი საპარლამენტო დებატი არ შემდგარა, - აღნიშნული განცხადებით ”ქართული ოცნების” უმრავლესობას პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა სერგი კაპანაძემ მიმართა.
ამ კონტექსტში კაპანაძემ ხაზი გაუსვა, რომ ექვსი თვეა, რაც მე-9 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბა და ამ ხნის განავლობაში მინისტრები არც ერთხელ პარლამენტში არ მისულან.
”ერთ-ერთმა კოლეგამ უმრავლესობიდან მოგვართა, რომ მხარი დავუჭიროთ პრობლემებზე საუბარს. ჩვენ პრობლემზე ვლაპარაკობთ, მაგრამ მათზე საუბარს მთავრობა გაურბის. არც ერთხელ არ მოსულან პოლიტიკურ დებატებზე. როცა თავი მოგაქვთ და ამბობთ, რომ მნიშვნელოვანია საპარლამენტო დემოკრატია გქონდეთ, იცით ერთი საპარლამენტო დემოკრატია ევროპაში, მსოფლიოში, სადაც მთავრობის მონაწილოებით არც ერთი საპარლამენტო დებატი არ შემდგარა?! მიდგომა, რომელიც გაგაჩნიათ, არის ფასადური. სამწუხაროდ, ამ პარლამენტს მთავრობასთან რეალური, საქმიანი დებატის საშუალება არ გააჩნია”, - მიმართა კაპანაძემ ”ქართული ოცნების” წევრებს.
მისივე თქმით, მმართველ გუნდს ოპოზიციის გამოსვლები და განცხადებები პარტიულ თემად მიაჩნია, თუმცა ვიწრო პარტიული ინტერესებით მოქმედების მაგალითებს თავად ”ქართული ოცნება” იძლევა.
”კრიტიკა ვიწროპარტიული ინტერესების გამომხატველი არ არის. ვიწროპარტიული ინტერესის გამოხატვის მაგალითია, როცა ხუთი წლის განმავლობაში უკრაინასთან ურთიერთობა ვიწროპატრიული ინტერესის გამო გააფუჭეთ. მეორე მაგალითია, როცა უეთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარედ შეიძლება საქართველოს მოქალაქე - გიგი წერეთელი არჩეულიყო, მაგრამ მარტო იმიტომ, ის ოპოზიციური პარტიიდან იყო, ყველაფერი გააკეთეთ, რომ არ აერჩიათ”, - განაცხადა კაპანაძემ.