მინდა დავასრულო ეს გამოსვლა პრეზიდენტის მოწოდებით, მოუსმინეთ ხალხს, ოღონდ მოუსმინეთ არა გომელაურის სუს-ის აპარატებით, არამედ მიბრძანდით და მოუსმინეთ მათ პრობლემებს, - ასე მიმართა დეპუტატებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.
პარლამენტის პლენარულ სესიაზე გამოსვლისას ხოშტარიამ აღნიშნა, რომ დღეს პარლამენტმა ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, რომ ესაუბრა ხალხის პრობლემებზე.
„ამას რომ დავარქვათ დებატები, ძალიან უხერხული და არასწორი იქნება - აქ არის დებატების კიდევ ერთი იმიტაცია. ვითომ რაღაცას განვიხილავთ, მაგრამ არანაირი შინაარსი, არც კი ვუსმენთ და ძირითადად დროს თქვენ უთმობთ იმას, რომ თქვათ, რა ცუდია პრეზიდენტი, რა ცუდია ოპოზიცია, როგორ შავ დღეში ჩაგვაგდებთ, რა ცუდი იყო წარსული და როგორ ყველაფერი არის კარგად. ჩაგვაგდეთ შავ დღეში, კი ბატონო, მზად ვართ! მაგრამ ჩაგვაგდეთ შავ დღეში კამათზე იმის შესახებ, როგორ გამოვასწოროთ მდგომარეობა, ვიკამათოთ შინაარსზე, როგორ გაუმჯობესდეს ხალხის მდგომარეობა და არა რაღაც ნასროლი მუქარები და შეურაცხყოფები. თქვენ გავიწყდებათ, რომ ხალხმა აქ აგვირჩია არა იმისთის, რომ ლამაზი სიტყვებით შეურაცხყოფა მიაყენოთ ვიღაცას, არამედ იმისთვის, რომ მოისმინონ გამოსავალი ძალიან უიმედო და უპერპექტივო მდგომარეობიდან“, - განაცხადა ხოშტარიამ.
დეპუტატმა ისაუბრა სოციალურად დაუცველების, დევნილებისა და შშმ პირების წინაშე არსებულ პრობლემებზე, “მხოლოდ ოქტომბრიდან 53 000 სოციალურად დაუცველს მოუხსნეს სოციალური დახმარება. რა თქმა უნდა, თქვენ იმ ფულს ზოგავთ, რომელიც აღარ გყოფნით, იმიტომ რომ არაერთი არაგონივრული პროექტი გაქვთ, მაგრამ ვიკამათოთ იმაზე, რაზე დავზოგოთ ფული და არა იმაზე, რომ შეურაცხყოფები აყენოთ ერთმანეთს. რა უნდა გააკეთონ დევნილებმა, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული პოლიტიკური, სოციალური და მორალური პასუხისმგებლობა? ერთი ოჯახიდან ბავშვი მოხვდა საავადმყოფოში, იმიტომ რომ ინჰალატორს ვერ რთავდნენ, რადგან დენის შეყვანა არ აღირსა მთავრობამ. ერთი წელი მათთან ერთად დავრბივარ და მეც კი ვერ გავიგე, რატომ არ უნდა ჰქონდეს 21-ე საუკუნეში ნატანჯ დევნილს დენი, რომ ბავშვს ჩაურთოს ინჰალატორი?! და დღეს მთავრობა გვეუბნება, რომ ამ დევნილებზე უნდა დავზოგოთ, შევუმციროთ ფული, 32 წელი უნდა ელოდონ, რომ დაუმტკიცონ და მისცენ მათ ბინა და ამასობაში გავზარდოთ თქვენთვის სასურველი რაღაც უაზრო პროექტები. ჩვენ გთავაზობთ კონკრეტულ, კაპიკ-კაპიკ დათვლილ გეგმას, რომ არათუ შევუმციროთ, ნორმალური ბიუჯეტის პირობებში შეგვიძლია გავუზარდოთ მათ დახმარება 60 ლარამდე, ავწიოთ ზღვარი 1200-დან 1500 ლარამდე და ა.შ. ამის საშუალება არის, თუ იქნება პოლიტიკური ნება. შშმ პირთა მე-2 კატეგორია წლებია ელოდება თქვენგან, რომ 100-ლარიანი პენსია გაიზრდება და უბრალოდ დაგავიწყდათ მგონი მათი არსებობა“, - განაცხადა ხოშტარიამ.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი ანგარიშვალდებულებას გრძნობს ბიძინა ივანიშვილის მიმართ და არა იმ ხალხის წინაშე, ვინც ისინი აირჩია.
„არ გეგონოთ, რომ მე აქ გიკითხავთ მორალს, ეს ჩემი საქმე არ არის და არც ადამიანობაში შეჯიბრს ვაპირებ თქვენთან. დარწმუნებული ვარ, აქ არიან ადამიანები, რომლებსაც ასევე გული სტკივა ადამიანურად ვიღაცის პრობლემაზე. მთავარი პრობლემა არის ის, რომ თქვენ არა გაქვთ გააზრებული, ვის მიმართ ხართ ანგარიშვალდებული. თქვენ არ გაქვთ გააზრებული, რომ დღეს ტელევიზორთან სხედან ადამიანები, რომლებმაც თქვენ აქ შემოგიშვათ კონკრეტული ამოცანით და არა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც თქვენ გავალებთ, რომ გაამართლოთ ხის გადარგვა და ამაზე მიდის მთელი ენერგია; გაამართლოთ „რუსთავი 2“-ის მიტაცება; არა ხართ თქვენ აქ იმისთვის, რომ ვახტანგ გომელაურის სურვილები აასრულოთ და უანონოდ უსმინოთ ხალხს“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.